სად გაუშვა ბოკერიამ სააკაშვილი და რატომ დაიბარეს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი

საქართველოში 2020 საპარლამენტო არჩევნების წელია. ექსპერტების პროგნოზით, არჩევნებში ძირითადი ბრძოლა 30 პარტიისგან შედგენილ ოპოზიციურ გაერთიანებასა და მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" შორის გაიმართება.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ელჩი საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის დაიბარა, განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების პირველმა პირმა დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე.

„ჩემი დონე არ არის“ – სააკაშვილმა უარი თქვა, გამხდარიყო ზელენსკის მრჩეველი

გუშინ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე ქართულ ენაზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ქართული ხელისუფლების კრიტიკით გამოვიდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლაში წინა ფლანგზე იქნება და გამარჯვებას მიაღწევს.

„სააკაშვილის ეს განცხადება, რომელიც ჩვენ გუშინ მოვისმინეთ, არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა სხვა ქვეყნის – სტრატეგიული პარტნიორის საქმეებში და პირდაპირ საარჩევნო პროცესში. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ უკრაინის ელჩი მოვიწვიეთ და მოვითხოვთ განმარტებებს", – განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ სააკაშვილი საქართველოს საქმეებში ჩაერეოდა და ამის შესახებ უკრაინა გააფრთხილეს, როდესაც იქ სააკაშვილის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დანიშვნას გეგმავდნენ.

„სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომ ადამიანი, რომელიც ინიშნება მაღალ თანამდებობაზე, არის ძებნილი და ქართული მართლმსაჯულების წინაშე ოთხ დამოუკიდებელ საქმეზე უნდა წარდგეს, და ის აგრძელებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას", – აღნიშნა ზალკალიანმა.

სააკაშვილის განცხადებაში კანონდარღვევა დაინახა ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

რატომ შეუჩერდა უკრაინაში საქართველოს ელჩს სტატუსი?

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის საარჩევნო კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევა. თუმცა, მიჩვეული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო მძიმე კანონდარღვევებს სჩადის. მას თავის ბიოგრაფიაში აქვს მსგავსი კანონდარღვევები. მხედველობაში უნდა მივიღოთ კიდევ ერთი ფაქტი – ის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქე არ არის, არამედ უკრაინის ჩინოვნიკია, რაც ორმაგად კანონდარღვევაა და ამით უნდა დაინტერესდნენ და რეაგირება მოახდინონ როგორც უცხოელმა, ისე ადგილობრივმა დამკვირვებლებმა", – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც აღმოჩნდა, სააკაშვილის განცხადებით კმაყოფილი არ არიან ოპოზიციაში მისი ყოფილი თანამოაზრეებიც.

„მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს" და ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილის წინა ხაზზე ვერ იქნება. თუ იგი „ნაციონალურ მოძრაობას" თავის პარტიად თვლის, ის, რომ მისი წინა პლანზე ყოფნა მათთვის სასარგებლო იქნება, ეს მათ უნდა ჰკითხოს. ჩვენთვის ეგ საკითხი არ არსებობს და მიხეილ სააკაშვილი „ევროპული საქართველოს" ან სხვა ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებებში ვერ ჩაერევა", – განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა და სააკაშვილის ყოფილმა თანაპარტიელმა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სააკაშვილს შეუძლია საკუთარი ამბიციები მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას" მოახვიოს თავს.

„თუ ვინმე ბრიყვის რაიმე სახის მოტივაციის, ან პოლიტიკური ეგოიზმის გამო ვინმე დააზიანებს ერთობას, ის გადაიხდის ფასს. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. თუ მას ამბიციები „ნაცმოძრაობაში“ აქვს, ეს მისი და მისი პარტიის საქმეა", – განაცხადა ბოკერიამ.

საქართველოში 2020 საპარლამენტო არჩევნების წელია. ექსპერტების პროგნოზით, არჩევნებზე ძირითადი ბრძოლა 30 პარტიისგან შემდგარ ოპოზიციურ გაერთიანებასა და მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" შორის გაიმართება.