თბილისი-რუსთავის ხაზზე მიკროავტობუსების ნაწილმა მუშაობა დროებით შეაჩერა

სამარშრუტო ტაქსების მძღოლები მგზავრების რაოდენობის შემცირების გამო მანქანის ქირაობისთვის დაწესებული ყოველდღიური შენატანების შემცირებას მოითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. რუსთავი-თბილისის ხაზზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა მფლობელ კომპანიასთან ყოველდღიურად გადასახდელი თანხის ოდენობაზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს, რის გამოც მათ გასაღების ჩაბარება და მანქანების გაჩერება მოუწიათ.

თბილისში ტრანსპორტი გაძვირდება? კალაძის პასუხი >>

მიკროავტობუსების გაჩერების გადაწყვეტილება, მძღოლების თქმით, კომპანიაში მას შემდეგ მიიღეს, რაც მძღოლებმა ყოველდღიური შესატანი თანხის შემცირება მოითხოვეს, რადგან გადახდას ვერ ახერხებდნენ.

მანქანის ქირაობისთვის ყოველდღიური გადასახადი 55 ლარს შეადგენს. მგზავრების შემცირებული რაოდენობის პირობებში მძღოლები ირწმუნებიან, რომ მათ დღეში 40 ლარზე მეტის გადახდა არ შეუძლიათ. 

სადავო საკითხის სხვა ვერსიას ჰყვებიან კერძო კომპანია „ინტერტრანსში“, რომელსაც რუსთავი–თბილისის ხაზი ეკუთვნის.

„ზაფხულის პერიოდში მგზავრთა სიმცირის გამო მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან. რაც შეეხება „ალდაგის“ სამარშრუტო ხაზზე დასაქმებული მძღოლების ნაწილის მოთხოვნას გეგმური შენატანის დაკლებასთან დაკავშირებით, ორი დღის წინ კომპანიასა და მძღოლებს შორის შედგა შეთანხმება. კომპანია „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობა დათანხმდა იმ მოთხოვნას, რაც მძღოლებს ჰქონდათ დღიურ გეგმასთან დაკავშირებით. დღეს კი, მათ გადასახადის გადახდაზე უარი განაცხადეს“, – განაცხადეს „ინტერტრანსში“.

კონდიციონერის გარეშე, ღია ფანჯრებით, პირბადეებით – ასე იმუშავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კომპანიაში ასევე აღნიშნეს, რომ რამდენჯერმე გააფრთხილეს მძღოლები დროულად გადაეხადათ დაწესებული გადასახადი, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ამ ხაზზე მომუშავე რამდენიმე მიკროავტობუსის გაჩერების შესახებ.

ამასთან, კომპანიაში ირწმუნებიან, რომ არც ერთი მძღოლი არ არის გათავისუფლებული სამსახურიდან, და არც მგზავრებს არ შეექმნებათ გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები, რადგან სხვა მარშრუტებზე მიკროავტობუსების რაოდენობა გაზრდილია.

რუსთავი თბილისიდან სულ რაღაც 33 კილომეტრში მდებარეობს, ამიტომ ბევრი რუსთაველი სწავლობს და მუშაობს საქართველოს დედაქალაქში.

რუსთავი არანაკლებ მნიშვნელოვანია თბილისელებისთვისაც. ამ ქალაქში მდებარეობს შსს-ს მომსახურების სააგენტო, სადაც დედაქალაქის მცხოვრებლები მართვის მოწმობაზე გამოცდის ჩასაბარებლად დადიან, აფორმებენ მანქანებს და ცვლიან ნომრებს.

ჯერჯერობით ამ ორ ქალაქს მხოლოდ სამარშრუტო ტაქსები აკავშირებს. გასული წლის ბოლოს მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 1.5 ლარიდან 2 ლარამდე გაძვირდა. თუმცა თბილისის მერია რუსთავამდე მეტროს ახალი სადგურების მშენებლობას გეგმავს.

ასევე, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქებს შორის ახალი კომფორტული ავტობუსები ივლიან.