სიცოცხლისთვის საშიშია: ტყიბულელი მაღაროელები მეორე დღეა, შახტებში არ ჩადიან

მაღაროელები გასულ ღამეს მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც მინდელის მაღაროში 22 ადამიანი ლიფტში გაიჭედა, მუშაობის გაგრძელებაზე უარს აცხადებენ
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში უკვე მეორე დღეა, შეწყვეტილია მუშაობა - მაღაროელებს შახტებში ჩასვლის ეშინიათ, განუცხადა Sputnik-საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძემ.

ასე არ ვიმუშავებთ! – ტყიბულელი მეშახტეები კვლავ გაიფიცნენ >>

ათასამდე მაღაროელი უარს აცხადებს მუშაობის განახლებაზე მინდელის სახელობის შახტში წინა ღამით მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როდესაც 22 მაღაროელი რამდენიმე საათის განმავლობაში ლიფტში იყო გაჭედილი და გამოსვლას ვერ ახერხებდა.

„გუშინ კინაღამ ტრაგედია დატრიალდა. მაღაროელები ლიფტში გაიჭედნენ. ახლა მათ შახტში ჩასვლის ეშინიათ. მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანიასთან“, - განაცხადა დოლაბერიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ინციდენტი მინდელის შახტში მოხდა, მუშაობა შეჩერდა მეორე შახტზეც. ძიძიგურის სახელობის შახტი უკვე რამდენიმე თვეა დახურულია, რადგან მოწყობილობაა შესაცვლელი, და მაღაროელები იქ მინდელის შახტიდან ჩადიან.

ახლა მაღაროელები დამსაქმებლისგან მოითხოვენ ლიფტების შეკეთებასა და საშემოსავლოს გადახდას, რომლისგანაც მთავრობამ ისინი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გაათავისუფლა.

მეშახტეებს არაფერი ემუქრებათ – Coal Of Georgia-ს პასუხი

დღეს ტყიბულში ორი შახტია - მინდელის და ძიძიგურის. დანარჩენი 25 კარიერი 2018 წლის ივლისიდან, მესამე ტრაგედიის შემდეგ, არ მუშაობს.

2018 წლის 5 აპრილს ექვსი მეშახტე დაიღუპა, 2018 წლის 2 ივნისს - ორი, 2018 წლის 16 ივლისს კი - ოთხი. მათი გარდაცვალების მიზეზი სხვადასხვაა - მეთანის აფეთქება, კედლების ჩამოშლა.

მას შემდეგ, რაც გერმანულმა კომპანიამ რისკები შეაფასა, 2019 წლის ოქტომბერში მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებმა მუშაობა განაახლეს ახალი ინვესტორის - ქართულ-უკრაინული კომპანიის Coal of Georgia ხელმძღვანელობით.

„ამ შახტებზე მუშაობის განახლების შემდეგ, საბედნიეროდ, არცერთი უბედური შემთხვევა არ მომხდარა იმის ხარჯზე, რომ კომპანიამ წარმოება შეამცირა. ახლა იქ მოიპოვებენ მესამედით ნაკლებ ნახშირს, რომელსაც წინა კომპანია მოიპოვებდა და მაქსიმალურად აკონტროლებენ ასაფეთქებელ სამუშაოებს, რაც ადრე არ ხდებოდა“, - აღნიშნა დოლაბერიძემ.

წინა ინვესტორი კომპანია „საქნახშირი“, რომელიც ჰოლდინგ „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ შვილობილი კომპანია იყო, დოლაბერიძის თქმით, ორიენტირებული იყო ნახშირის მოპოვების რაოდენობაზე, რის გამოც შახტებზე მუშაობდნენ დაჩქარებული წესით და შიგადაშიგ უსაფრთხოების წესებსაც არღვევდნენ.