რამდენ ხანს გრძელდება უბედურება და ბედნიერება? – მეცნიერებმა გამოთვალეს

მეცნიერები 15 წლის განმავლობაში იკვლევდნენ, რა ანიჭებს ადამიანს ბედნიერების ან უბედურების შეგრძნებას და რა დროა საჭირო დადებითი თუ უარყოფითი ემოციების „გადასახარშად“.
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რამდენ ხანს გრძელდება ცხოვრებაში მომხდარი სასიკეთო ცვლილებებით გამოწვეული ბედნიერების შეგრძნება და რამდენს ხანს რჩება ტრაგიკული შემთხვევებით მოგვრილი სულიერი ტრავმა. 

სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღნიშნული კვლევა 2001 წელს დაიწყეს და 2016 წელს დაასრულეს, რა დროსაც 13 969 ადამიანის ცხოვრება შეისწავლეს და გააანალიზეს. კვლევის თითოეულ მონაწილესთან ტარდებოდა ხანგრძლივი საუბრები და მათი მონაცემების ანკეტირება. 

რაც უფრო გრძელი აქვს მამაკაცს არათითი, მით უფრო... სამეცნიერო დასკვნა

სწავლულების მიზანი იყო დაედგინათ, რა აყენებდა ყველაზე დიდ სტრესს ადამიანებს და იწვევდა უბედურების შეგრძნებას.

მკვლევარებმა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში გამოყვეს 18 ძირითადი მოვლენა — როგორც დადებითი და უარყოფითი, ისე ნეიტრალური.

სამწუხარო მოვლენებად განისაზღვრა: შვილის ან მეუღლის სიკვდილი, განქორწინება, გაკოტრება, ციხე, ფიზიკური თავდასხმა, ავადმყოფობა, სამსახურიდან დათხოვნა და სხვ.

სასიხარულო მოვლენების ჩამონათვალში შევიდა: ქორწინება, ორსულობა, ბავშვის დაბადება, სამსახურში დაწინაურება, ფინანსური წარმატება და პენსიაზე გასვლაც კი.

ირკვევა, რომ „კეთილდღეობის ეფექტის“ გამოთვლისას მეცნიერები პრობლემას შეეჯახნენ: როგორ უნდა გამოთვლილიყო ეს ეფექტი იმ შემთხვევაში, თუ ორი მოვლენა დროში ერთმანეთს დაემთხვეოდა? მაგალითად, თუ ახლო ადამიანის გარდაცვალების შემდეგ პირს მემკვიდრეობა რჩებოდა, ანუ ფინანსურ კეთილდღეობას იღებდა? ამ პრობლემიდან გამომდინარე მეცნიერებმა ცნება „კეთილდღეობა“ ორ შემადგენელ ნაწილად გაყვეს:

  • აფექტური კეთილდღეობა – ბედნიერების ემოციური შეგრძნება;
  • კოგნიტიური კეთილდღეობა – პოპულარულ ენაზე, ცხოვრებით კმაყოფილება. 

სწავლულებმა კეთილდღეობის ორივე სახეობის შესაფასებლად სათითაო სკალა შემოიღეს, ხოლო ერთმანეთს დამთხვეული მოვლენებისთვის სპეციალური ფორმულები შეიმუშავეს.

მეცნიერები: წრფელი ლოცვა სისხლის სტრუქტურას ცვლის

მეცნიერთა 15-წლიანი კვლევის დასკვნები საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. ირკვევა, რომ მნიშვნელოვანი მოვლენები ადამიანის ცხოვრებაში საშუალოდ ექვს წელიწადში ერთხელ ხდება. სწორედ ეს ექვსი წელია საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა ბედნიერებაც გადაიტანოს და უბედურებაც.

კვლევის შედეგების თანახმად, ზოგი მოვლენა, მაგალითად, საცხოვრებლად სხვაგან გადასვლა, სამსახურიდან მოხსნა თუ პირიქით, დაწინაურება, ნაკლებ გავლენას ახდენს ბედნიერების შეგრძნებაზე, ხოლო მეუღლის სიკვდილი თუ დიდი ფინანსური დანაკარგები ღრმა კვალს ტოვებს ადამიანზე.

ქორწინება, ბავშვის დაბადება და ფინანსური სახსრების მიღება მნიშვნელოვნად ზრდის ემოციური კეთილდღეობის შეგრძნებას, თუმცა ამას ხანგრძლივი ბედნიერება არ მოაქვს — ის მხოლოდ ორი წლის განმავლობაში გრძელდება.

„ამ მოვლენების დადებითი ეფექტი, როგორც წესი, ორი წლის შემდეგ ქრებოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს წინმსწრები ეფექტები ქორწინებამდე და ასევე ბავშვის დაბადებამდე“, — განმარტავს კვლევის წამყვანი ავტორი ნათან კეტლველი.

მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბედნიერების შეგრძნება ადამიანს ქორწინებამდე და ბავშვის დაბადებამდე კარგა ხნით ადრე ეუფლება.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანისთვის ყველაზე დიდი უბედურება — შვილის ან მეუღლის გარდაცვალება, ასევე განქორწინება და გაკოტრებაა. ირკვევა, რომ ძლიერი შოკური მდგომარეობიდან გამოსასვლელად ადამიანს ოთხი წელი ესაჭიროება.

რატომ ეწევიან ქალები: მეცნიერული კვლევა და სპეციალური რეკომენდაციები მათთვის>>

მეცნიერების თქმით, მათი კვლევის უმთავრესი დასკვნა ძალზე მარტივად გამოიყურება: იმისათვის, რომ ბედნიერად იგრძნოთ თავი, ბევრი ყურადღება უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობას, არ გაწიოთ ფინანსური რისკები და აქცენტი ხანგრძლივ ურთიერთობებზე გააკეთოთ.