დეპუტატს პატიმრობა შეეფარდა - კახეთში მომხდარი დაჭრის დეტალები

37 წლის დეპუტატს ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი - Sputnik. სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატ გიორგი ჭინჭარაულს, რომელსაც ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

სისხლიანი გარჩევა კახეთში: დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატს ბრალი წარედგინა

დაცვის მხარე 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას, ხოლო სახელმწიფო ბრალდება პატიმრობას ითხოვდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ 37 წლის ჭინჭარაული საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეა და მას პატიმრობა შეუფარდა.

თავად ბრალდებულმა სასამართლოს დეტალურად უამბო ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც მას კონფლიქტი მოუვიდა ორ ახალგაზრდა მამაკაცთან, რაც სისხლისღვრით დასრულდა.

გიორგი ჭინჭარაულის თქმით, ის მაღაზიაში თავის არასრულწლოვან დისშვილთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც აგრესიულად განწყობილი თანასოფლელები მიუახლოვდნენ.

„ჩემს დისშვილთან ერთად ვიყავი მაღაზიაში. ამ ბიჭებთან სულ კარგი ურთიერთობა მქონდა. შემოვიდა ერთ-ერთი ძმა, გაგა ჭინჭარაული და მომმართა ძალიან აგრესიულად. გვარი დამისახელა სოფელში ბიჭების, რას დადიხარ იმათთანო. ვუთხარი, საჯარო მოხელე ვარ და საკრებულოს წევრი, ვალდებული ვარ ურთიერთობა ყველასთან მქონდეს-მეთქი. ისეთი აგრესიული იყო, ბავშვი სახლში გავუშვი. მისი ძმა გადმოვიდა მანქანიდან, თავიდან აჩერებდა, მაგრამ მერე ორივე შარზე იყო, არ ვიცი, რატომ. მეორემაც შემაგინა და წავიდა ხელჩართული ბრძოლა. მე დანის ხმარება რომ მდომებოდა, მაშინვე დავჭრიდი. მცემეს. ამის მერე სახლში წავედი და მეორე დღეს სხდომა უნდა გვქონოდა საკრებულოში. ამის გამო გავედი სახლიდან, დავით ალუღიშვილთან უნდა მივსულიყავი, საკითხების გასავლელად. გზაში შემხვდნენ ისევ და ჩვენ შორის ჩხუბი 10-15 წუთი გაგრძელდა. თავდაცვისა და მოგერიების მიზნით ვიხმარე დანა“, – განაცხადა გიორგი ჭინჭარაულმა.

სისხლიანი გარჩევა კახეთში – დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატი დაკავებულია

პროკურატურა გიორგი ჭინჭარაულს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შემდეგი მოსმენა 5 აგვისტოს გაიმართება.

როგორც ქართული მასმედია იუწყება, დაჭრილი ძმები ჭინჭარაულები ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან. ერთ-ერთი მათგანი თბილისში, ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, მეორე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება.

პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

სისხლიანი ინციდენტი 7 ივნისს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში მოხდა.

გიორგი ჭინჭარაული პოლიციამ 8 ივნისს დააკავა. თავდაპირველად მას ბრალი წაუყენეს განზარახ სხეულის მძიმე დაზიანებაში, რაც 7-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მაგრამ მალე პროკურატურამ ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით შეცვალა.