„თეგეტა მოტორსის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - პირველწყარო ისევ უცნობია

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ცხრა ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან ხუთის წყარო უცნობია
Sputnik

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ბოლო ხუთი შემთხვევის პირველწყარო უცნობია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  აღნიშნა, რომ პაციენტები სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლები არიან. მისი თქმით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და იმედოვნებს, რომ ამ კონტაქტებზე გასვლას შეძლებენ.

„დღეს გვაქვს ასეთი შემთხვევები და დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვძებნით პირველწყაროს, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა და იმედი გვაქვს, რომ ამ კონტაქტებზე გავალთ, მაგრამ ნუ მოვეშვებით, რადგან ვირუსი ტრიალებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომპანია „თეგეტა მოტორსში“ ადასტურებენ, რომ კომპანიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„თეგეტა მოტორსი“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა. ჩვენ ვადასტურებთ, რომ კომპანიის ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა ვირუსი (COVID-19). აღნიშნული თანამშრომელი უკვე ერთი კვირაა, რაც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რადგანაც როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას შესაძლო კონტაქტი ჰქონდა საბურთალოს კლასტერთან. აღნიშნულ თანამშრომელს შეხება არ ჰქონდა მომხმარებელთან. ის საოფისე საქმიანობას ასრულებდა და ცენტრალურ ოფისში მუშაობდა. იდენტიფიცირებულია მისი ყველა კონტაქტი და ისინი გადაყვანილია იზოლაციაში“, - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“.

სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ასევე, კორონავირუსი სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა. კომპანიის დირექტორი ვასილ ახრახაძე აცხადებს, რომ თანამშრომელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 27 მაისის შემდეგ ოფისში არ გამოცხადებულა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 827 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ცხრა შემთხვევა დღეს გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა სულ 690 ადამიანი, გარდაიცვალა 13 პაციენტი.

კარანტინში იმყოფება 3230 ადამიანი, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ - 285.