სისხლიანი გარჩევა კახეთში: დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატს ბრალი წარედგინა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დეპუტატს სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატს დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა 2020 წლის 7 ივნისს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში მოხდა. გამოძიების ცნობით, 38 წლის ბრალდებულმა დანით თავისივე თანასოფლელები  – 23 და 26 წლის ძმები დაჭრა. სისხლიანი გარჩევის მიზეზი მათ შორის კონფლიქტი გახდა.

„გ.ჭ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გ.ჭ.-ს და მ.ჭ-ს გულმკერდის და მუცლის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის მრავლობითი დაზიანებები მიაყენა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სისხლიანი გარჩევა კახეთში – დედოფლისწყაროს საკრებულოს დეპუტატი დაკავებულია

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც   სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.