საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

ოპოზიციაში გიორგი რურუას, რომელიც იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით არის დაკავებული, პოლიტპატიმრად მიიჩნევენ
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი - Sputnik. საქართველოს თხუთმეტმა ოპოზიციურმა პარტიამ კვლავ მოუწოდა მთავრობას გაათავისუფლოს გიორგი რურუა - ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი „მთავარი არხის“ თანამფლობელი.

ოპოზიცია კვლავ მოითხოვს, რომ სწორედ რურუას გათავისუფლება არის საარჩევნო სისტემის რეფორმაში იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობა, რომელთა გათვალისწინებით უნდა გაიმართოს 2020 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები. ამასთან ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებასთან 8 მარტის შეთანხმებაზე აპელირებენ.

როგორ გაიყოფს ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებს?

განცხადებას ხელს აწერენ პოლიტიკური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ლეიბორისტული პარტია“, „სახელმწიფო „ლელო საქართველოსთვის“, „გირჩი“ და სხვ.

„8 მარტის შეთანხმების ყველა კომპონენტის შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ქვეყანაში შესაძლო პოლიტიკური კრიზისის თავიდან ასარიდებლად. ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც საპარლამენტო წარმომადგენლობა აქვთ, კვლავაც მზად არიან, მხარი დაუჭირონ შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება. შეთანხმება ვერ ჩაითვლება შესრულებულად, სანამ საპატიმროში რჩება პოლიტიკური პატიმარი, გიორგი რურუა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი რურუას, რომელიც იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით არის დაკავებული, ოპოზიციაში პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. მთავრობაში მისი გათავისუფლების მოთხოვნებს მიუღებლად მიაჩნიათ. პრემიერმა გიორგი გახარიამ რურუას გათავისუფლების შესახებ საუბრები „საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში პირდაპირი ჩარევა“ უწოდა.

ამასობაში პარლამენტში მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა, რომლებიც ითვალისწინებენ საარჩევნო სისტემის პრაქტიკულად მთლიან შეცვლას  - როგორც პარლამენტში ადგილების განაწილების, ისე ხმების დათვლის კუთხით.

„ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა ახალი პოლიტიკური პარტია შექმნეს >>

საკონსტიტუციო შესწორებების მისაღებად აუცილებელია 112 ხმა, მმართველ პარტიას კი მხოლოდ 95 დეპუტატი ჰყავს. ექსპერტები აცხადებენ, რომ ენმ-ის და „ევროპული საქართველოს“ მხრიდან ბოიკოტის შემთხვევაშიც „ქართულ ოცნებას“ მაინც აქვს თეორიულად შანსი მოიპოვოს დანარჩენი ხმები, მაგრამ ამ შემთხვევაში  ყველაფერი ბოლო მომენტამდე კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება.