საქართველოში არქივების საერთაშორისო დღე აღინიშნება

საქართველოს ეროვნული არქივი არქივების საერთაშორისო დღეს უერთდება და ონლაინ–სივრცეში რიგ ღონისძიებებს გვთავაზობს.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. არქივების საერთაშორისო დღე მსოფლიოში 9 ივნისს აღინიშნება. ამ დღეს საქართველოში ღონისძიებების კვირეულით აღნიშნავენ, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 14 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

რამდენი ადამიანია ჩამოშორებული სასწავლო პროცესს მსოფლიოში – UNESCO მონაცემებს აქვეყნებს>>

ორგანიზატორები 9 ივნისს უძღვნიან თემას „UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები“. არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ასათიანი ისაუბრებს ეროვნული არქივის პუბლიკაციებსა და ქართულ ხელნაწერებზე, რომლებიც UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრშია შესული.

სვანეთში დაცულ უნიკალურ სახარებას ეროვნული არქივის ლაბორატორიაში რესტავრაცია ჩაუტარდება

ოთხშაბათს, 10 ივნისს გაიმართება ვირტუალური გამოფენა „საერთაშორისო არქივები“, 11 ივნისს ჩატარდება პროექტი „ძველი და თანამედროვე ბათუმი“, ხოლო 12 ივნისს – ქვიზი „საქართველოს მწვერვალები“.

ყველა ღონისძიება ეროვნული არქივის ვებ-გვერდსა და ოფიციალურ Facebook-გვერდზე გაიმართება.

არქივების საერთაშორისო დღე 2007 წლის 8 ივნისს არქივების საერთაშორისო საბჭომ დააარსა. ეს დღე 1948 წლის 9 ივნისს უკავშირდება, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხების განყოფილებამ (UNESCO) არქივების საერთაშორისო საბჭო დააფუძნა. საქართველოს ეროვნული არქივი ამ თარიღს მრავალი წლის განმავლობაში აღნიშნავს.