მსოფლიო დღეს

ვინ გაფრინდება კვიპროსზე: დასახელდა ქვეყნები და აუცილებელი პირობები

კუნძულოვანი რესპუბლიკა სხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენის პირველ ეტაპს დღეიდან, 9 ივნისიდან იწყებს, მეორე ეტაპი კი 20 ივნისიდან დაიწყება.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. კვიპროსმა დღეიდან განაახლა სხვა ქვეყნებთან პანდემიის გამო შეწყვეტილი ავიამიმოსვლა – ამუშავდა ლარნაკისა და პათოსის აეროპორტები.

გავრცელებული ინფორმაციით, სხვა ქვეყნებთან კავშირს კვიპროსი ორ ეტაპად აღადგენს. პირველი 9–19 ივნისს მოიცავს, ხოლო მეორე ეტაპი 20 ივნისიდან დაიწყება. 

ფრენების აღდგენა: რას გვთავაზობენ ავიაკომპანიები 1 ივლისიდან – მიმართულებები, ფასები

ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით, განსაზღვრულია იმ ქვეყნების ორი კატეგორია, რომლებთანაც კვიპროსი საჰაერო მიმოსვლას ანახლებს.

კატეგორია А-ში შევიდნენ: საბერძნეთი, მალტა, ბულგარეთი, ნორვეგია, ავსტრია, ფინეთი, სლოვენია, უნგრეთი, ისრაელი, დანია, გერმანია, სლოვაკეთი, ლიეტუვა.

B კატეგორიაში მოხვდნენ: შვეიცარია, პოლონეთი, რუმინეთი, ხორვატია, ესტონეთი და ჩეხეთი.  

ორივე კატეგორიის ქვეყნების მგზავრებმა, იმისათვის, რომ თვითმფრინავის ბორტზე ასვლის უფლება მიეცეთ, უნდა წარადგინონ სერტიფიცირებული ლაბორატორიების მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომ მათი ტესტი COVID-19-ზე უარყოფითია. ამასთან, ლაბორატორიული კვლევა გაფრენამდე 72 საათის განმავლობაში უნდა იყოს ჩატარებული.

Airbaltic-მა საქართველო სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო მიმართულებად დაასახელა>>

მეორე ეტაპზე, რომელიც 20 ივნისს დაიწყება, მგზავრებს A კატეგორიის ქვეყნებიდან აღარ მოეთხოვებათ სერტიფიკატის წარდგენა, განსხვავებით B კატეგორიის ქვეყნებისგან. 

კვიპროსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეიქმნა ელექტრონული პლატფორმა CyprusFlightPass, რომელზეც კვიპროსზე მოგზაურობის მსურველებმა წინასწარ უნდა განათავსონ აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტები, მაგალითად, ჯანმრთელობის სერტიფიკატი, განცხადება და სხვ.

ონლაინ–პლატფორმის გამოყენება სავალდებულოა ყველა მგზავრისთვის. სწორედ მისი მეშვეობით მიიღებს პირი ელექტრონულ დასტურს, რომ კვიპროსზე მოგზაურობის ნებართვა ეძლევა.