ქართველი პოეტი გერმანიაში ლიტერატურული პრემიით დააჯილდოეს

ირმა შიოლაშვილი ძალზე აქტიური ფიგურაა გერმანიის ლიტერატორთა წრეებში, სადაც არაერთი ლიტერატურული საღამო და სემინარი ჩაატარა.
Sputnik

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ქართველი პოეტი და ჟურნალისტი ირმა შიოლაშვილი გერმანიაში ევროპელ ავტორთა გაერთიანება Kogge-ს („კოგე“) 2020 წლის ლიტერატურული პრემიით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ავტორი თავის Facebook-გვერდზე წერს.

ჯილდო ყოველწლიურად გადაეცემა საუკეთესო ავტორს თანამედროვე ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია 4 ოქტომბერს შტაინში, ბავარიაში გაიმართება.

თავად შიოლაშვილის განცხადებით, ამ სასიამოვნო სიახლის შესახებ მან ჯერ კიდევ ორი თვის წინ შეიტყო, მაგრამ ამაზე ხმამაღლა საუბარი მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გერმანელმა კოლეგებმა სოციალური ქსელის მეშვეობით საჯაროდ მიულოცეს.

„ძალიან მადლობელი ვარ. როგორც მითხრეს, პრეზიდიუმმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო“, – აღნიშნა შიოლაშვილმა.

მწერალი ნინო ხარატიშვილი საერთაშორისო ბუკერის პრემიის პრეტენდენტია

ირმა შიოლაშვილი ძალზე აქტიური ფიგურაა გერმანელ მწერალთა წრეებში, სადაც მრავალ ლიტერატურულ საღამოსა და სემინარს მართავს. არის ევროპელ ავტორთა გაერთიანება Kogge-სა და გერმანიის მწერალთა კავშირის წევრი.

შიოლაშვილი არის რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორი. მათ შორისაა „არარსებული სიტყვა“, „მოლურჯო თაღი“, „ცრემლის ნაფეხური“ და სხვ.

შიოლაშვილის პოეზია ნათარგმნია რუსულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე, შესულია მრავალ უცხოურ ანთოლოგიაში.

„კატა და გენერალი": ნინო ხარატიშვილის გახმაურებული რომანი გერმანულ სცენაზე დაიდგმება>>

გერმანიაში 2011 წელს გამოვიდა მისი წიგნი „ფოთლების ხიდი“, ხოლო 2018 წელს – „თავდაყირა“. 1999 წლიდან დღემდე გერმანიაში, ქალაქ ბონის რეგიონული რადიოს (Bonn/Rhein-Sieg) ეთერში უძღვება გადაცემას ქართულ კულტურაზე, ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანულ საზოგადოებასთან (GIZ).