იგორ იუშკოვი
ამჟამინდელი შეთანხმება, რომელსაც ასევე OPEC+2.0-ს უწოდებენ, გაფორმდა აპრილის შუა რიცხვებში G20-სა და OPEC+-ის წევრ ქვეყნებს შორის მოლაპარაკების შემდეგ. სწორედ მაშინ გადაწყდა ნავთობმოპოვების დღე-ღამეში 9,7 მილიონი ბარელით შემცირება. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გამო ნავთობზე მოთხოვნის უპრეცედენტო ვარდნის ფონზე მიიღეს. თითქმის ყველა ქვეყანამ ერთნაირი ზომები გამოიყენა ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ: დაწესდა შეზღუდვები ადამიანთა გადაადგილებაზე ერთმანეთის ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით. შედეგად – მსოფლიოს ყველა ნაწილში თვითმფრინავებმა შეაჩერეს ფრენა, მანქანებმა — მოძრაობა, მუშაობა შეაჩერა სამრეწველო საწარმოებმაც. შესაბამისად, შემცირდა საწვავზე მოთხოვნაც. ნავთობმოპოვება კი კვლავ ისე გრძელდებოდა, როგორც კარანტინამდე.
უფრო მეტიც, ნავთობმოპოვების დამატებითი შემცირების საკითხთან დაკავშირებით რუსეთისა და საუდის არაბეთის განსხვავებული აზრის გამო OPEC+-ის ქვეყნების გარიგება 2020 წლის მეორე კვარტალში ფაქტობრივად ჩაიშალა. მიმდინარე წლის 4-6 მარტს OPEC+-ის შეთანხმების მხარეების შეხვედრაზე სამეფომ მათ შესთავაზა, რომ ნავთობმოპოვება კიდევ 1,5 მილიონი ბარელით შეემცირებინათ ყველა მონაწილესთვის იმ კვოტებში, რომელიც უკვე მოქმედებდა. ამგვარი ქმედების მიზეზად ჩინეთში მოთხოვნის შემცირება დასახელდა (მარტის დასაწყისში სერიოზული საკარანტინო ზომები ძირითადად ჩინეთში მოქმედებდა, ევროპაში კი ეს პროცესი მოგვიანებით დაიწყო). იმ მომენტში რუსეთმა მხარი დაუჭირა იმას, რომ მოპოვება არ შეემცირებინათ, დაეცადათ და სიტუაციის შემდგომი განვითარებისთვის თვალი ედევნებინათ, რადგან გაუგებარი იყო, თუ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა კარანტინი ჩინეთში და გავრცელდებოდა თუ არა ვირუსი სხვა ქვეყნებშიც.
მარტში OPEC+-ის წევრი ქვეყნების წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ საუდის არაბეთმა „ფასების ომი“ წამოიწყო: სამეფომ დაიწყო საკუთარი ნავთობის მყიდველთათვის მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიცემა და გამოაცხადა ნავთობმოპოვების გაზრდა 1 აპრილიდან (როდესაც დასრულდა წინა შეთანხმების ვადა) დღე-ღამეში 2 მილიონი ბარელით. შეთანხმების დანარჩენმა მონაწილეებმაც მიიღეს მოქმედების თავისუფლება და დაიწყეს მზადება ნავთობმოპოვების გასაზრდელად. შედეგად, ორმა ტენდენციამ – ნავთობზე მოთხოვნის სწრაფმა ვარდნამ და მისი მოპოვების გაზრდამ ბაზარზე „იდეალური შტორმი“ და ფასების ვარდნა გამოიწვია. სწორედ ამ ფონზე დაიდო OPEC+ 2.0-ის ამჟამინდელი გარიგება.
ეს კონტექსტი მნიშვნელოვანია შეთანხმების ნამდვილი მიზეზების გასაგებად პირველი პერიოდისთვის, მინიმუმ მაისში. მარტსა და აპრილში ნავთობის უზარმაზარმა მარაგმა მთელ მსოფლიოში ნავთობის საცავთა გადავსების საკითხი წამოჭრა. რადგან „ჭარბი“ ნავთობი სწორედ იქ მიედინება. მოთხოვნაზე მიწოდების ჭარბი რაოდენობა დღე-ღამეში 20-დან 30 მილიონ ბარელამდე შეფასდა. ამიტომ OPEC+-ის ახალმა შეთანხმებამ პრიორიტეტულ ამოცანად დაისახა, რომ არ დაეშვა ნავთობის საცავთა გადავსება. ყველაზე ნეგატიური სცენარის რეალიზაციის შემთხვევაში მწარმოებლებს მოუწევდათ ნავთობმოპოვების გაცილებით უფრო მეტად შემცირება, ვიდრე OPEC+-ის შეთანხმების პირობებში, ხოლო ნავთობზე ფასები ნულამდე დაეცემოდა.
ამით ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ამჟამინდელი შეთანხმება OPEC+-ის 2016 წლის პირველი მოლაპარაკებისგან განსხვავდება. მაშინ საქმე ეხებოდა წარმოების მოცულობის რეგულირებას ნავთობზე ფასის გასაზრდელად, რადგან გაფართოებული კარტელის არც ერთი წევრი ქვეყანა, მათ შორის, რუსეთიც არ იყო ამით კმაყოფილი.
რესურსების ხარჯვა და ფასები აღდგა
ივნისის დასაწყისში ნავთობსაცავების გადავსების რისკი არსებითად შემცირდა. ამჟამად ამგვარ სცენარს არავინ განიხილავს. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ახლანდელ ფორმატში OPEC+-ის გარიგებამ პირველი დავალება შეასრულა, თანაც ვადაზე ადრე. ვარაუდობდნენ, რომ მაის-ივნისში მონაწილე ქვეყნები მაქსიმალურად შეამცირებდნენ ნავთობმოპოვების მოცულობას, 1 ივლისიდან კი შეძლებდნენ მისი მცირედით გაზრდას. დაგეგმილი იყო დღე-ღამეში 9,7 მილიონი ბარელით შემცირება მაის-ივნისში, ივლის-დეკემბერში — 7,7 მილიონი ბარელით, 2021 წლის აპრილამდე კი — 5,8 მილიონი ბარელით.
ამასთან, OPEC+-ის წევრი ქვეყნების გარიგება ყოველთვის სიტუაციური იყო. მონაწილეები რეგულარულად იკრიბებიან და ადრე მიღებულ გადაწყვეტილებებს აკორექტირებენ. ახლაც ასე მოხდა. OPEC+ დათანხმდა, რომ ნავთობმოპოვების მაქსიმალური შემცირების პერიოდი ივლისამდე გაგრძელდება. თუმცა, ამის მიზეზი საცავების გადავსების თავიდან აცილების სურვილი აღარ არის. რესურსების ხარჯვა ამჟამად კარგი ტემპით აღდგა. ახლა OPEC+-ის მონაწილენი ფასების ზრდის ძველ სტრატეგიას უბრუნდებიან.
სავარაუდოდ, საუდის არაბეთი დაჟინებით მოითხოვდა ივლისში ნავთობმოპოვების მაქსიმალურად შემცირების გაგრძელებას. ბოლო თვეებმა აჩვენა, რომ მიუხედავად სამეფოს ყველა განცხადებისა, რომ მათ არ აღელვებთ ნავთობზე ფასები, რომ ისინი ყველაზე ეფექტური მწარმოებლები არიან, სინამდვილეში მათ ძვირადღირებული ნავთობი იმაზე მეტად სჭირდებათ, ვიდრე რუსეთსა და სხვა ქვეყნებს. რადგან საუდელებს ბიუჯეტი დეფიციტის გარეშე აქვთ გათვლილი, სსფ-ის (საერთაშორისო სავალუტო ფონდის) შეფასებით, ბარელზე 80 დოლარზე მეტი ფასით.
ამას გარდა, საუდის არაბეთზე ზეწოლას აშშ ახდენს, რომლისთვისაც ნავთობზე ფასების გაზრდა მისი ფიქალური ნავთობმომპოვებლების გადასარჩენად არის აუცილებელი. ბარელზე დაახლოებით 30 დოლარის ფასით თითქმის ყველა ეს პროექტი არარენტაბელური ხდება. ამჟამად შეერთებულ შტატებში ნავთობმოპოვების მოცულობის სწრაფი ვარდნაა, მოპოვება შემცირდა დღე-ღამეში 2 მილიონი ბარელით. თანაც, ეკონომიკური მიზეზების და არა ხელისუფლების ბრძანების გამო.
რუსეთი, რამდენიმე მიზეზის გამო, დათანხმდა მაქსიმალური შემცირების პერიოდის გახანგრძლივებაზე. პირველ რიგში, ფასების ზრდა სასარგებლოა ბიუჯეტისთვის, რადგან მსოფლიო ფასებიდან გამოითვლება საექსპორტო ბაჟი და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე გადასახადი. რაც უფრო ძვირია ნავთობი, მით მეტს იღებს ბიუჯეტი. თუმცა, ნავთობკომპანიებს, ალბათ, უფრო მეტის ამოღება სურთ, მაგრამ ფასების მომატებით სახელმწიფო უფრო მეტად „ჩამოაჭრის“ მათ ბაჟისა და გადასახადების სახით.
მეორეც, რუსეთმა საუდის არაბეთთან არ შექმნა კონფლიქტი, რომ არ დაბრუნებოდა მარტის სიტუაციას, როდესაც OPEC+-ის შეთანხმების დარღვევის გამო ფასების ვარდნა მოხდა. კორონავირუსის შემდეგ ეკონომიკის აღდგენა დიდ თანხას მოითხოვს, ამიტომ რუსეთის ხელისუფლებას არ სურს გარისკოს ბიუჯეტის შემოსავლებით.
პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები მთლიანობაში OPEC+-ის ამჟამინდელი გადაწყვეტილებით ისარგებლებენ. ყაზახეთისა და აზერბაიჯანისთვის ნავთობზე ფასის ზრდა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი მოპოვების მოცულობის რაც შეიძლება სწრაფად გაზრდის შესაძლებლობა. ბელარუსსაც ძვირადღირებული ნავთობი სჭირდება. ქვეყანა რუსული ნავთობის მასშტაბურ შესყიდვებს დაუბრუნდა, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ სრულად დატვირთოს თავისი ქარხნები. ნავთობის გაძვირება კი, ბუნებრივია, ევროპაში ნავთობპროდუქტების ფასთა ზრდასაც ნიშნავს, რაც ბელარუსის ნავთობპროდუქტების სხვა ქვეყნებში მიწოდებით გაზრდის ექსპორტის შემოსავალს.
ამიტომ ყველა სახელმწიფოსთვის OPEC+-ის შეთანხმების არსებობა და მაღალი ფასების შესანარჩუნებლად ნავთობმოპოვების მაქსიმალურად შემცირების პროლონგირების გადაწყვეტილება ხელსაყრელია. ნავთობკომპანიები კი, რომლებიც ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყვნენ, არ განიცდიან მნიშვნელოვან ნეგატიურ შედეგებს, რადგან მათ ფინანსური რესურსები აქვთ.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს