თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ედუარდ მარტიროსიანი, რესპუბლიკის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის მეთაური არტაკ დავთიანი, ასევე პოლიციის უფროსი არმან სარქისიანი თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ, იუწყება Sputnik-სომხეთი.
შესაბამის განკარგულებებს უკვე მოაწერა ხელი სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა.
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ხმები მარტიროსიანის გათავისუფლებაზე, მაგრამ უწყებაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი თითქოსდა თავის მოადგილედ არგიშთი კარამიანის დანიშვნის წინააღმდეგი იყო. შედეგად სწორედ კარამიანი შეცვლის მარტიროსიანს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
გასულ კვირას მარტიროსიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს კარამიანთან, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია. მაგრამ ახლა საუბარია იმაზე, რომ გადადგომის მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გახდა. რამდენიმე დღით ადრე პრემიერმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან და პოლიციის უფროსთან მკაცრი საუბარი ჰქონდა იმის გამო, რომ ძალოვანები ქვეყანაში ეპიდემიის საწინააღმდეგო ნორმების დაცვას ვერ უზრუნველყოფენ.
2019 წლის 19 სექტემბრიდან მარტიროსიანი ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის მოვალეობას ასრულებდა, ამ პოსტიდან არტურ ვანეციანის წასვლის შემდეგ. თუმცა მისი დანიშვნის ბრძანებას სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა 19 მარტს მოაწერა ხელი.
რაც შეეხება არტაკ დავთიანს, მისი გადადგომის შესაძლო მიზეზად სახელდება მისი ვაჟის ქორწილი, რომელიც 7 ივნისს საგანგებო მდგომარეობის პირობებში გაიმართა. ამან ქვეყანაში დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია.
სომხეთის პრეზიდენტმა მიიღო ასევე პოლიციის უფროსის თანამდებობიდან არმან სარქისიანის გათავისუფლების შესახებ განცხადებაც. 2018 წლის მაისში, „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ, სარქისიანი პოლიციის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 2019 წლის სექტემბერში ვალერი ოსიპიანის გადადგომის შემდეგ მისი პირველი მოადგილე არმან სარქისიანი რესპუბლიკის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.