საქართველოში ყველა რესტორანი იხსნება - ძირითადი მოთხოვნები

შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, როგორც დაწესებულებების მფლობელებს, ისე სტუმრებს მთელი რიგი სავალდებულო მოთხოვნების შესრულება მოუწევთ
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი - Sputnik. ორშაბათს, 8 ივნისს ყველა ტიპის რესტორნების, ბარებისა და კაფეებისთვის შეზღუდვები იხსნება. ერთი კვირის წინ, 1 ივნისს შეზღუდვები მოიხსნა ღია სივრცეების მქონე რესტორნებისა და კაფეებისთვის.

შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, როგორც დაწესებულებების მფლობელებს, ისე სტუმრებს მთელი რიგი სავალდებულო მოთხოვნების შესრულება მოუწევთ.

კერძოდ, კვების ობიექტები ვალდებულები არიან სამუშაო დღის დაწყებამდე ჩაუტარონ თერმოსკრინინგი პერსონალს, ასევე სტუმრებს, შესასვლელში კი დეზობარიერები უნდა განთავსდეს.

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას უბრუნდებიან: მოთხოვნები და შეზღუდვები

ყველა დახურული სივრცე და დამხმარე სათავსო პერიოდულად უნდა განიავდეს, მინიმუმ სამი საათის ინტერვალით.

პერსონალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი სპეცფეხსაცმლით, ხელთათმანებით, თავსაბურავებით, პირბადეებით, ფარებით და სათვალეებით. ობიექტის ხელმძღვანელობამ მათი სწორი გამოყენება უნდა აკონტროლოს.

ჰიგიენური ნარჩენებისთვის უნდა გამოიყენებოდეს დახურული კონტეინერები. ყველა ზედაპირი, რომელზეც პროდუქტების დამუშავება ხდება, ხშირად უნდა გაირეცხოს და სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდეს.

სტუმრებს უნდა შესთავაზონ ერთჯერადი ან ელექტრონული მენიუ, სასურველია გადახდა ბარათებით მოხდეს.

საქართველოში სასტუმროები იხსნება: რეკომენდაციები პერსონალისა და სტუმრებისთვის

რეკომენდაციების თანახმად, კვების ობიექტებში უნდა კონტროლდებოდეს სტუმრების რაოდენობა და დაცული იყოს სოციალური დისტანცია.

კლიენტებთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით, სალაროსთან გამჭვირვალე ბარიერი უნდა დამონტაჟდეს. კვების ობიექტებში კლიენტების მიღებისას არ უნდა იყოს ხალხის თავშეყრა. კერძოდ, სტუმრებმა ადგილები წინასწარ უნდა დაჯავშნონ ან მაგიდის გათავისუფლებას ამისათვის  სპეციალურად განკუთვნილ ადგილას დაელოდონ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. უკვე მარტის ბოლოს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ის 23 მაისამდე მოქმედებდა. 29 მაისიდან ქვეყანაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა.