ქვემოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ.
***
ქაშუეთის ეკლესია მეოცე საუკუნის დასაწყისში (1904–1910 წწ) აიგო. ხუროთმოძღვრების — ბილიფელდისა და ანდრეოლეტის პროექტის მიხედვით, ტაძარი გოტიკური სტილის ნაგებობა უნდა ყოფილიყო. თუმცა მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა ანდრეოლეტს დიდი ფული გადაუხადა იმისათვის, რომ პროექტი შეეცვალათ, ნიმუშად კი სამთავისის მონასტრის გამოყენება შესთავაზა.
ქრთამმა გაჭრა თუ იტალიელი არქიტექტორი სამთავისით ძალიან მოიხიბლა, ამის თქმა ძალიან ძნელია. მაგრამ ფაქტია, რომ ქაშუეთი სამთავისის მცირე ასლს წარმოადგენს.
***
1997 წლის ნოემბრის ერთ დღეს თბილისის ავტოსადგურში მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის მძღოლთან ვაჟა კილაძესთან მოხუცი ქალბატონი მივიდა და სთხოვა, ჩემი შვილიშვილი მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლობს და, თუ შეიძლება, ნოტებს გაგატანთ, დაგხვდებათ და გამოგართმევთო.
მძღოლმაც, ნოტები რომ არ დასვრილიყო, გაზეთში კარგად გაახვია და „ბარდაჩოკში“ შეინახა.
მაგრამ მოხდა ისე, რომ ვლადიკავკაზში ავტობუსი „ომონმა“ გააჩერა, მძღოლი კარგად სცემეს, ნოტები წაართვეს და ისე გაუშვეს.
ამ ამბიდან სამი თვეც არ იყო გასული, რომ „კრისტის“ აუქციონზე მოსკოვში სტუდენტისთვის გადასაცემი ნოტები 1,5 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა. ან რატომ არ გაიყიდებოდა, როცა, თურმე, ნოტები თავად იოჰან სებასტიან ბახს ეკუთვნოდა და მისი ხელით იყო შევსებული!..
***
ისლანდიაში, ლანდმანალოუგარის ზეგანზე მდებარე ერთ-ერთი მთა ლიპარიტის სახელს ატარებს. თუმცა, როდის და როგორ დაერქვა მთას ლეგენდარულ ბაღვაშთა სახელი, უცნობია.
სავარაუდოა, რომ ლიპარიტის სახელი საქართველოდან დაქირავებულმა ვიკინგებმა გაიტანეს, რომლებიც ამბოხებულ ერისთავ ლიპარიტ IV-სთან ომში ჩართო საქართველოს ხელისუფალმა ბაგრატ მეოთხემ.
1047 წელს სასირეთთან გამართულ ბრძოლაში, რომელშიც სამი ათასი ვიკინგიც მონაწილეობდა, ლიპარიტ ბაღვაშმა მეფე სასტიკად დაამარცხა. კლდეკარის ერისთავმა უსასყიდლოდ გაათავისუფლა დატყვევებული ვიკინგები, რომლებმაც შესაძლოა ჩაიტანეს კიდეც მწყალობელი ერისთავის სახელი ისლანდიაში.
***
თავის დროზე შალვა ნუცუბიძემ რუსულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და მასში სტალინის მიერ თარგმნილი რამდენიმე სტროფიც შეიტანა.
ყველა ერთსულოვნად აქებდა ამ ნაშრომს, თვით ნუცუბიძის დაუძინებელი მტრებიც კი არ იშურებენ სახოტბო სიტყვებს. შალვა ნუცუბიძე თავისებურად განმარტავდა მოწინააღმდეგეთა კეთილ სიტყვებს და ღიმილით ამბობდა – ეშინოდათ, ემანდ სტალინის ნათარგმნი ადგილები არ გაეკრიტიკებინათ და იმიტომაც მადიდებდნენო...