კენკრა თუ ბოსტნეული – უაღრესად სასარგებლო პროდუქტი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

ივანე ჯავახიშვილის ცნობით, საქართველოში ეს პროდუქტი XII საუკუნემდე ყოფილა ცნობილი. მისი ყველაზე „ახლო ნათესავები" არიან პომიდორი და კარტოფილი.
Sputnik

ბადრიჯანი (ლათ. Solanum melongena) — ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მრავალწლოვანი მცენარე, კენკრაა, რომელსაც თავისი დიდი ფორმის გამო ჩვენ ბოსტნეულს ვუწოდებთ. მისი ყველაზე „ახლო ნათესავები" არიან პომიდორი და კარტოფილი. არსებობს ბადრიჯნის ბევრი სახეობა.

თუთის სამკურნალო თვისებები>>

ბადრიჯნის სამშობლოა აღმოსავლეთ ინდოეთი, მაგრამ ჯერ კიდევ 1500 წლის წინ მისი მოყვანა დაიწყეს ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ეს მცენარე არაბების წყალობით აფრიკასა და ევროპის ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში გავრცელდა.

ყველასთვის საყვარელი და პოპულარული პროდუქტი – რა უნდა ვიცოდეთ კარტოფილის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის ცნობით, საქართველოში ბადრიჯანი XII საუკუნემდე ყოფილა ცნობილი. ხალხური სელექციით შექმნილია ადგილობრივი ჯიშები.

ბადრიჯნის კალორიულობა 100 გრამზე დაახლოებით 24 კილოკალორიაა.

ბადრიჯანი შეიცავს: 7,1-11% მშრალ ნივთიერებას, 2,7-4% შაქარს, 0,6-1,4% ცილას, 0,1-0,4% ცხიმს, აგრეთვე კალციუმს, ფოსფორს, რკინასა და სხვა ნივთიერებებს.

ბადრიჯანი დიდი რაოდენობით შეიცავს უხეშ ბოჭკოს, რომელიც ორგანიზმში იწოვს ტოქსინებსა და შლაკებს და დაუმუშავებლად გამოდის ორგანიზმიდან.

ალუბალი: ერთდროულად გემრიელი და სასარგებლო>>

ბადრიჯნის შემადგენლობაშია ანტოციანები (მცენარეთა წითელი, ლურჯი და იისფერი პიგმენტები – მღებავი ნივთიერებები, ამის წყალობით აქვს ბადრიჯანს თავისი ფერი), რომლებსაც მძლავრი პროფილაქტიკური ეფექტი და დამცავი თვისებები აქვს. არის კალიუმი – ის ძალზე სასარგებლოა ასაკოვანი ადამიანებისთვის და ყველასთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები აქვს. პროდუქტს „ცუდი" ქოლესტერინის დონის შემცირების უნარი აქვს, მონაწილეობს ორგანიზმის წყალ–მარილოვანი ბალანსის ნორმალიზებაში. ასევე შეიცავს რკინას, კალციუმს და ორგანიზმისთვის აუცილებელ სხვა მინერალურ ნივთიერებებს.

pomo d’orо, ანუ ყველასთვის საყვარელი „ოქროს ვაშლის“ სასარგებლო თვისებები

ბადრიჯნის მიღება რეკომენდებულია პოდაგრის, ართრიტისა და ათეროსკლეროზის დროს.

ბადრიჯანი, უჯრედისის მდიდარი შემცველობის წყალობით, იცავს საჭმლის მომნელებელ სისტემას და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.

ბადრიჯნის რეგულარული მოხმარება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებს ტვინის საქმიანობას. ამას ის ფიტონუტრიენტების დახმარებით ახერხებს, რომელიც ძირითადად მცენარის კანშია.

• ფიტონუტრიენტები – მცენარისთვის აუცილებელია ფოტოსინთეზის, მავნებლებისა და გარემოსგან დასაცავად. ბუნებაში 100 ათასზე მეტი ფიტონუტრიენტი არსებობს. ადამიანისთვის ის ანტიოქსიდანტების უზარმაზარ წყაროს წარმოადგენს. მათ შეუძლია კანცეროგენების გაუვნებლება და მათი ორგანიზმიდან გამოდევნა, აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები, არეგულირებენ ქოლესტერინის დონესა და ჰორმონალურ ფონს, აქვთ ანტიბაქტერიული და ანტივირუსული ზემოქმედება.

ბადრიჯნის მიღება ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დარეგულირებას, აკონტროლებს დიაბეტს ნახშირწყლების დაბალი და მაღალხსნადი უჯრედისის შემცველობის წყალობით.

ფლავონოიდების მაღალი შემცველობის წყალობით ბადრიჯანს არტერიული წნევის რეგულირება შეუძლია.

ბადრიჯანი არ შეიცავს ცხიმებს, მდიდარია უჯრედისით, რის გამოც ის წონაში დაკლების მსურველთათვის იდეალურ საკვებს წარმოადგენს.

ბადრიჯნის შერჩევისას ძირითად აქცენტს გარეგნობაზე ვაკეთებთ – ის უნდა იყოს გლუვი და არ ჰქონდეს დაზიანებები. დავაჭიროთ თითი და თუ ღრმული დარჩა და არ ამოივსო, ეს ნიშნავს, რომ ეს ბადრიჯანი არ უნდა ვიყიდოთ.

მარწყვი – უგემრიელესი, სასარგებლო კენკრა>>

ბადრიჯნის შესანახად შეგვიძლია მაცივარი გამოვიყენოთ – შევინახოთ ბოსტნეულის განყოფილებაში პაკეტის გარეშე და ის 2–3 კვირის განმავლობაში შეინარჩუნებს თავის გემოსა და სასარგებლო თვისებებს.

ტყემალი – ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის

ასევე შეგვიძლია ბადრიჯნის გაყინვა – მათ შორის დაჭრილი ბადრიჯნის. თითო პაკეტში ან კონტეინერში მოვათავსოთ ის რაოდენობა, რომელიც შემდეგ ერთ მომზადებაზე გამოგვადგება.

ბადრიჯნის მიღებისას სიფრთხლე უნდა გამოიჩინონ მათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები აქვს. იშვიათ შემთხვევებში ვლინდება პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

გაითვალისწინეთ: თუ გინდათ, რომ ამ პროდუქტისგან სარგებელი მიიღოთ, არ შეწვათ ის – ამ დროს ბადრიჯანი ბევრ ცხიმს შეიწოვს. ჯობს მოხარშოთ, მოთუშოთ ან გამოიყენოთ გრილი და ღუმელი, ასევე მოამზადოთ ორთქლზე.