აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი მთლიანად განახლდება

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაციას სამი წელი დასჭირდება და ამას თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს.
Sputnik

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს წელს სრული რესტავრაცია ჩაუტარდება, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

თბილისში პუშკინის დაბადების დღე უჩვეულო ფლეშმობით აღნიშნეს

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი 1887 წელს დაარსდა და ის ერთ-ერთი უძველესია საქართველოს მუზეუმებს შორის.

სამინისტროს ცნობით, ეროვნული მნიშვნელობის ამ კულტურის ძეგლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია სამი წელი გაგრძელდება და მას თბილისის განვითარების ფონდი წესების სრული დაცვით განახორციელებს.

„ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ გამოყოფილი გრანტის (200 000 ევრო) ფარგლებში სრულად განახლდება და გამაგრდება მუზეუმის შენობა, საძირკველში ჩადგება გრუნტის წყლების სადრენაჟო სისტემები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობის ექსტერიერსა და ინტერიერს, მოეწყობა გათბობისა და ვენტილაციის სისტემები.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის საქმიანობისთვის დამატებით გამოიყოფა 50 000 ევრო, რომელიც მუზეოგრაფიის გათანამედროვებას და მუზეუმის მიერ საგანმანათლებლო და სახელოვნებო პროგრამების განვითარებას მოხმარდება. შედეგად – მუზეუმს საშუალება ექნება ჩაერთოს ქვეყნისა და კავკასიის რეგიონის ტურისტული განვითარების გეგმაში, გააღრმაოს თანამშრობლობა მსოფლიოს აბრეშუმის მუზეუმების საერთაშორისო ქსელთან და გაუზიაროს გამოცდილება რეგიონის ფრანკოფონულ ქალაქებს.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში დაცულია მეაბრეშუმეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი კოლექცია, რომელიც მოიცავს როგორც ადგილობრივად წარმოებულ, აგრეთვე მსოფლიოს 61 ქვეყნიდან შემოსულ ექსპონატებს.

ქართული მუზეუმების ექსპონატების ნახვა 3D-ფორმატშია შესაძლებელი

მუზეუმს გააჩნია უნიკალური ბიბლიოთეკა, სადაც დაცულია XVIII-XIX საუკუნეების საბუნებისმეტყველო თემატიკის უნიკალური წიგნები რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, რუმინულ, უნგრულ, ჩინურ, იაპონურ, სპარსულ, არაბულ და სხვა ენებზე.

განათლების სამინისტროს ცნობით, პროექტი განათლების სამინისტროს, თბილისის მერიას, „თბილისის განვითარების ფონდს“, „მთლიანად ან ნაწილობრივ ფრანკოფონი დედაქალაქებისა და მეტროპოლიების მერებისა და ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციასა“ და „აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება.