თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. ბაგებში მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულ ორ პირს, მერაბ ხიდაშელსა და მამუკა გურჩიანს პატიმრობა შეეფარდათ, იუწყება პირველი არხი.
გამოძიების ცნობით, 3 ივნისს, ბაგებში, ხიდაშელი ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდა ერთ პირს. გურჩიანმა კი, დანით ერთ-ერთ პირს სახისა და ფეხის არეში, ხოლო მეორე პირს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში ჭრილობები მიაყენა. ორივე დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
ადვოკატები დაკავებულების მიმართ გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ. თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის პოზიცია დააკმაყოფილა. ერთ-ერთი ბრალდებული, მამუკა გურჩიანი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს, ხიდაშელი კი, მომხდარში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.
გურჩიანის ადვოკატის განმარტებით, მომხდარი არ უკავშირდება ბიზნეს მეწილეებს შორის დავას. ადვოკატი აცხადებს, რომ გურჩიანი იმ პირებს, ვისთანაც მას მოუვიდა დაპირისპირება, არ იცნობდა. დაპირისპირება კი, ავტომანქანის არასწორად გაჩერებამ გამოიწვია.
მამუკა გურჩიანს ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას ედავებიან. მერაბ ხიდაშელს ბრალი ჯგუფურად განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ედება.
პროკურატურის ცნობით, გარდა დაკავებულებისა, საქმეში ამ ეტაპზე დაუდგენელი სხვა პირიც მონაწილეობდა, შესაბამისად, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.
წინასასამართლო სხდომა 27 ივლისს გაიმართება.