გახარია: მსოფლიოში ცოტაა COVID-ისგან საქართველოსავით თავისუფალი ქვეყანა

ტურისტები, რომლებიც ახლო მომავალში ჩამოვლენ, უფრო გადახდისუნარიანები არიან, ეს კი უფრო მაღალი დონის სერვისს მოითხოვს, განაცხადა პრემიერმა.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. მსოფლიოში ძალიან ცოტაა COVID -ისგან იმდენად თავისუფალი ქვეყანა და რეგიონი, როგორადაც საქართველო მიიჩნევა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. 

გახარია: ისრაელი იქნება პირველი ქვეყანა, საიდანაც ტურისტებს შემოვიყვანთ

საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა ტურიზმის სფეროს ასაღორძინებლად, რომელმაც მუშაობა პანდემიის გამო მთლიანად შეწყვიტა. 15 ივნისიდან საქართველო შიდა ტურიზმს გახსნის, 1 ივლისიდან კი უცხოელ ტურისტებსაც უმასპინძლებს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ესმის, უსაფრთხოების ნორმების დაცვის პროტოკოლის შესრულება დამატებით ხარჯებს უკავშირდება, მაგრამ ის, რომ საქართველო COVID-19-ისგან თავისუფალ ქვეყნად ითვლება, გარკვეულ დამატებით ღირებულებას შესძენს.

„დღეს ჩამოსული ტურისტი სულ სხვანაირი ტურისტია. იმას მეტი გადახდისუნარიანობა აქვს და არა ზურგჩანთაჩამოკიდებული ტურისტი, რომელიც ავტოსტოპით მთელ მსოფლიოს მოივლის. აქ უფრო სხვა სეგმენტის ხალხი მოვა, უფრო სხვა მოთხოვნა ექნება და დარწმუნებული ვარ, ეს შესაძლებლობას მოგცემთ თქვენ, რომ უფრო მეტი ბრუნვა და უფრო მეტი შემოსავალი გქონდეთ. რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს, რომ ცოტა უფრო მაღალი სერვისიც იყოს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – უსაფრთხო.“, – განაცხადა გახარიამ.

„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში „კოვიდ-19“-ის გავრცელება არის დაბალი. ეს უნდა შევინარჩუნოთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ტურიზმიც განვავითაროთ და ეკონომიკის სხვა დარგებიც“ - აღნიშნა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მთავრობა დამოკიდებულია ტურიზმის სექტორზე, ტურიზმი კი - მთავრობაზე.

„აქ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული – მე ვარ თქვენზე დამოკიდებული, ამ წესებს როგორ დაიცავთ და თქვენ ხართ მთავრობაზე დამოკიდებული, რა რაოდენობით და COVID-ის თვალსაზრისით, როგორი სუფთა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რამდენად ორგანიზებულად“, - განაცხადა გახარიამ. 

ხედვა სომხეთიდან: ქართულ ტურიზმს სომხების გარეშე გაუჭირდება

მან ხაზი გაუსვა უსაფრთხოების ზომების დაცვის დიდ მნიშვნელობას და მიუთითა, რომ სახელმწიფო სასტუმროებს დაეხმარება, რათა მათ მეტი სტუმრის მიღება შეძლონ.

გახარიას სიტყვებით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა დაიწყეს განაცხადების მიღება სასტუმროებისგან, რომლებიც თანახმა არიან შემოწმდეს დადგენილ ნორმებთან მათი შესაბამისობა. როგორც გახარიამ აღნიშნა, თბილისში შემოწმებული 75 სასტუმროდან სტანდარტები ჯერ მხოლოდ 15-მა დააკმაყოფილა. 

„ქვეყანაში იქნება  სასტუმროები, რომლებმაც გაიარეს შემოწმება და აკმაყოფილებენ გარკვეულ სტანდარტს. ამ სასტუმროების ჩამონათვალი ეცოდინება ყველას. ჩვენ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დაინტერესებული ვართ, რომ ამ სასტუმროების სია მივიტანოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის განვითარება და ქართველებისთვის იმის სწავლება, როგორ დაისვენონ საქართველოში.

„პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს. დღეს ფაქტია, რომ ქართველები დასასვენებლად საზღვარგარეთ ვერ წავლენ. ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ ვიტყვი, სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო. ამიტომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში“, - აღნიშნა გახარიამ. 

გახარია: საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის სფეროს გახსნის

მისი თქმით, საჭიროა გარკვეულ სტანდარტებთან შესაბამისობის სწრაფად ათვისება და შემდეგ საზღვარგარეთიდან ტურისტების მიღებისთვის მზადყოფნა.

საქართველო, ერთმნიშვნელოვნად პირველი ქვეყანა იქნება რეგიონში, რომელიც ეფექტურად გახსნის ტურიზმის სფეროს.

„იმის მიუხედავად, რომ მეც და მთავრობაც სულ უფრო მეტსა და მეტს ვსაუბრობთ ეკონომიკაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ვირუსი. ჩვენი ყველას ამოცანა არის ძალიან გასაგები, გონივრული - ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც ავამუშაოთ, წარმოებებიც ავამუშაოთ, რესტორნებიც ავამუშაოთ და ყველაფერი ნელ-ნელა უნდა ავამუშაოთ. ეს არის ამოცანა“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ერთ-ერთი პირველი „მწვანე ზონა“ შეიძლება გახდეს აჭარა. კორონავირუსის ეპიდემია რეგიონის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს არ შეხებია.