მთავრობის გეგმები: ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ფართოვდება

პროექტი ადრე 100 დარგის საწარმოებს ეხმარებოდა, ახლა კი ეს რაოდენობა, პრაქტიკულად, ორმაგდება, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესის დახმარების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის „აწარმოე საქართველოში“ გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თურნავა: საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა შექმნილი>>

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.

დაიწყე ახალი პროექტი და მიიღე მთავრობის საბანკო-საკრედიტო გარანტია: მთავრობის ინიციატივა

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიზრდება სესხების არეალი, რომელთაც მთავრობა დაეხმარება. თუ აქამდე მთავრობა ეხმარებოდა კომპანიებს, რომელთა სესხის მოცულობა 150 ათასი ლარიდან 5 მილიონამდე იყო, ახლა ქვედა ზღვარი 50 ათასი ლარი იქნება, ზედა კი – 10 მილიონი. ამასთან, თუ აქამდე მთავრობის თანადაფინანსება 24 თვეს გრძელდებოდა, ახლა ეს პერიოდი 36 თვემდე იზრდება“, – აღნიშნა თურნავამ.

ამას გარდა, მინისტრის განცხადებით, თუ აქამდე პროექტი 100 დარგის საწარმოებს ეხმარებოდა, ახლა მათი რაოდენობა, პრაქტიკულად, ორმაგდება, მათ შორის მოხვდება სამშენებლო ინდუსტრია და სამშენებლო მასალების წარმოება.

თურნავამ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში მიიღეს. პროგრამაში ცვლილებები აისახება სახელმწიფო ბიჯეტშიც, რომლის ახალი რედაქცია პარლამენტში პარასკევს შევა.