კორონავირუსის მეორე ტალღა – როგორ მოვემზადოთ

ემუქრება თუ არა საქართველოს ახალი კორონავირუსის მეორე ტალღა, დაზუსტებით ვერავინ ამბობს. თუმცა COVID-19-ის მეორე ტალღა უკვე დაიწყო მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებებმა ისევ შემოიღეს დაავადების გავრცელების შესაჩერებელი შეზღუდვები.
Sputnik

მსოფლიოში ვერავინ აკეთებს ზუსტ პროგნოზს – COVID-19-ის პანდემია რა პერიოდით გაგრძელდება, როდის იქნება ვაქცინა; ხშირად მხოლოდ მეორე კი არა, მესამე ტალღაზეც საუბრობენ. ჯანმოს წარმომადგენლების განმარტებით კი, ჯერჯერობით პანდემიის პირველი ტალღის დასრულებაზეც ნაადრევია ლაპარაკი და მსოფლიო ამ დროისათვის კორონავირუსი SARS-CoV-2-ის პანდემიის შუაში იმყოფება.

რა ნიშნავს მეორე ტალღა

ალბათ, ბევრს აინტერესებს, რას ნიშნავს მეორე ტალღა მაშინ, როცა კორონავირუსი არსად გამქრალა და ჯერ კიდევ პანდემიის შუაში ვართ.

ინფექციის მაჩვენებელი ზოგ ქვეყანაში შემცირდა, თუმცა შემდეგ მან კვლავ დაიწყო აღმასვლა. როგორც ჯანმოს წარმომადგენლებმა განმარტეს, თუ ქვეყანაში დაავადების პირველი ტალღის მრუდი დაბლა დაიწევს და შემდეგ კვლავ დაიწყება შემთხვევების მატება, სწორედ ეს მიუთითებს მეორე ტალღაზე.

მოსაზრება: რატომაა COVID-19-ის სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში

როდის იქნება საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მოახერხა კორონავირუსის პანდემიის შეკავება და პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვებიც ეტაპობრივად უკვე იხსნება, ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ჯანდაცვის სპეციალისტები მუდმივად გვაფრთხილებენ მეორე ტალღის საშიშროების შესახებ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც არაერთხელ აღნიშნა, რომ პანდემიასთან ბრძოლა არ დასრულებულა და საქართველო ინფექციის გავრცელების ახალი ტალღისთვის მზად უნდა იყოს.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, საქართველოში მეორე ტალღას შემოდგომაზე უნდა ველოდოთ, სწორედ მაშინ, როცა ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გავრცელება იწყება. თუმცა არ გამორიცხავენ იმასაც, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა ახალი წლისთვის დაიწყოს.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღის აფეთქება რეალურია? – ეპიდემიოლოგის განმარტება

რატომ მაშინ? ექსპერტების და ეპიდემიოლოგების განცხადებით, კორონავირუსმა შეიძლება მიიღოს სეზონური ხასიათი. ეს იმას ნიშნავს, რომ რესპირაციული დაავადებები მინიმუმამდე ჩამოდის ზაფხულის პერიოდში. ყველაზე მეტად მათი ტალღა კი იწყება შემოდგომის პირველი ნახევრიდან და გაზაფხულამდე გრძელდება. ამიტომ, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, რომ მეორე ტალღა ამას უკავშირდებოდეს.

თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდებია და უნდა დაველოდოთ, რა მოხდება სინამდვილეში.

როგორ მოვემზადოთ

იმის მიუხედავად, რომ არავინ იცის, შემოგვიტევს თუ არა მეორე ტალღა, ხოლო მუდმივად მასზე ფიქრი ნამდვილად სტრესულია, ექსპერტები მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევენ, თუ როგორ მოემზადონ მის დასახვედრად როგორც მენტალურად, ასევე პრაქტიკულად.

ისევე, როგორც კორონავირუსის პირველი ტალღის დროს, მთავარ რეკომენდაციებად რჩება ხელების რეგულარული დაბანა, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება და ა.შ.

ექსპერტები ასევე გვირჩევენ, რომ მეორე ტალღისთვის წინასწარ შევემზადოთ ფსიქოლოგიურადაც. რას ნიშნავს ეს? დაგეგმოთ მომავალი და ყოველდღიური რუტინა ხანგრძლივ პერიოდზე გავწეროთ. წინასწარ მოვიძიოთ, თუ როგორ ვივარჯიშოთ, რა წავიკითხოთ, შევადგინოთ იმ ფილმების სია, რომელთა სანახავად ბოლო რამდენიმე წელია ვერ მოვიცალეთ.

მეორე ტალღა დაიწყო: ქვეყნები თავიდან აწესებენ შემზღუდავ ზომებს

რა მოვიმარაგოთ?

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბევრმა ქვეყანამ შეიმუშავა აუცილებელი ნივთებისა და საკვების სია, რაც სასურველია, გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის მოვიმარაგოთ.

მოკლედ, თუ მზად ხართ და გადაწყვიტეთ საკვებისა და სხვა აუცილებელი ნივთების მომარაგება, ჩვენ ვეცდებით გაგიადვილოთ მათი შერჩევა.

აუცილებელი ნივთები

- ანტიბაქტერიული სველი ხელსახოცები

- საპონი და სარეცხი საშუალებები

- საფენები

- სადენზინფექციო საშუალებები

- შხაპ-გელები და შამპუნები

- ტუალეტის ქაღალდი, ხელსახოცები

- კბილის პასტა და პირის ღრუს მოვლის სხვა საშუალებები

- ელემენტები

- აუცილებელი მედიკამენტები

გახარია: საქართველო ინფექციის გავრცელების ახალი ტალღისთვის მზად უნდა იყოს

რაც შეეხება საკვებს, ერთ ადამიანს ნახევარი წლის განმავლობაში ესაჭიროება დაახლოებით 75 კგ მარცვლეული, 25 კგ ფქვილი, 5 ლიტრი ზეთი და ცხიმები, 10 კგ შაქარი, 2.5 კგ მარილი; ხოლო რა რაოდენობით ხორცს, თევზს, ხილსა და ბოსტნეულს დაამატებთ, ეს თქვენ გემოვნებასა და ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

საშუალოდ:

1 კგ ქათმის ფილე = ორ სადილს

1 კგ ძროხის ხორცი = ორ სადილს

300 გ ღორის შაშხი = 10 სენდვიჩს

1 თინუსის კონსერვი (160 გ) = ერთ სადილს

1 სარდინის კონსერვი (160 გ) = ერთ სადილს

ორაგულის ორი ფილე = ორ სადილს

8 საშუალო ზომის კვერცხი = 4 საუზმე კვერცხით

350 გ ყველი = 12 სენდვიჩი

250 გ კარაქი = 50 ნაჭერ კარაქიან პურს

ელოდეთ მეორე პიკს: დაავადებამ შესაძლოა ნებისმიერ დროს გააკეთოს ნახტომი

ოთხი წევრისგან შემდგარი ოჯახისთვის ექვსი თვის სამყოფი მშრალი საკვების სია დაახლოებით ასე გამოიყურება:

- მაკარონი - 40 კგ

- ლობიო - 30 კგ

- ბრინჯი - 30 კგ

- წიწიბურა - 30 კგ

- შვრია - 15 კგ

- სხვადასხვა სახის ბულიონის კუბიკები - 20-30 ცალი

- ორცხობილა - დაახლოებით 15 კგ

- მარილი – 5 კგ

- შაქარი – 20 კგ

- საწებლები (ტყემალი, კეტჩუპი, მაიონეზი, მდოგვი და ა.შ.)

- შოკოლადი და ტკბილეული – გემოვნებით

იმნაძე: კორონავირუსთან ერთად ცხოვრება კიდევ ერთი წელი მოგვიწევს

- რძის ფხვნილი – 10 კგ

- ფქვილი - 20 კგ

კონსერვები:

- ხორცი (“გავიადინა/ტუშონკა”) – 20 ქილა

- ბარდა – 10 ქილა;

- სიმინდი – 10 ქილა;

- სოკო – 15 ქილა;

- კიტრი/პიკული – 10 ქილა;

- ტომატი – 20 ქილა;

- ჯემები და მურაბები – 10 ქილა;

სხვა:

- ზეთი - 10 ლ

- ყავა/ჩაი/კაკაო - სურვილისამებრ

კორონავირუსის მეორე ტალღა მსუბუქად ჩაივლის – ინფექციონისტის პროგნოზი

- ხილი/ბოსტნეული - რადგანაც ეს პროდუქტები მალფუჭებადია, შეგიძლიათ ყოველკვირეულად განაახლოთ მისი მარაგი, ან გაყინოთ.        

თუ გყავთ შინაური ცხოველები, არ დაგავიწყდეთ მათი საკვების მარაგების შევსება

რა თქმა უნდა, ზემოთ განხილული მონაცემები ზოგადია და დამოკიდებულია თითოეულ ინდივიდუალურ ოჯახზე, საკვების მომარაგება დამოკიდებულია თქვენ გემოვნებასა და ბიუჯეტზე, ხოლო ეს სტატია და აქ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ უკეთ დაგეგმვაში.