COVID-19 - ბოლო ცნობები

დაჩიპავს თუ არა მილიარდერი კაცობრიობას: ბილ გეიტსი კომენტარს აკეთებს

მილიარდერმა ფილანტროპმა კომენტარი გააკეთა ბოლო დროს პოპულარულ მოარულ ხმებზე, თითქოს მას პლანეტის მოსახლეობის დაჩიპვა სურს კორონავირუსის ვაქცინის მეშვეობით.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა კომენტარი გააკეთა ბოლო დროს გავრცელებულ შეთქმულების თეორიასა და ხმებზე, თითქოს ეს მან მოაწყო კორონავირუსის პანდემია, რათა პლანეტის მოსახლეობა ვაქცინის მეშვეობით დაჩიპოს. 

გამყრელიძე: არ დაიჯეროთ ინფორმაცია, თითქოს ვაქცინაცია ადამიანებს ვნებს

აღნიშნულ თემაზე მან ინტერვიუ მისცა რადიო BBC Today-ს.  

ბილ გეიტსის თქმით, მას ძალიან აშფოთებს „ყველა ამ გიჟური იდეის“ არსებობა.

„ეს იმდენად უცნაურია, რომ თითქმის მიჩნდება სურვილი, იუმორით შევხედო, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ არ არის სასაცილო. მე არასდროს ვყოფილვარ მიკროჩიპებით დაკავებული. უარყოფაც კი მიჭირს, ისეთი სისულელეა ეს“, — განაცხადა ფილანტროპმა მილიარდერმა.

მისი თქმით, „ყველა ეს ჭორი და ანტიმეცნიერული გამონათქვამები“ ადამიანთა შორის მტრობას აღვივებს.

„მაშფოთებს ის, რომ ასეთ დროს ციფრული ინსტრუმენტები მთელი ამ სიგიჟისთვის გამოიყენება“, — აღნიშნა გეიტსმა.

მილიარდერის თქმით, როდესაც კორონავირუსის ვაქცინა შეიქმნება, კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად მოსახლეობის 80% უნდა აიცრას.

  • „მაგრამ თუ ამას აფერად ჩათვლიან, ან გადაწყვეტენ, რომ ვაქცინაცია საშიშია და უარს იტყვიან აცრაზე, მაშინ დაავადება განაგრძობს ადამიანების ხოცვას“, — განმარტა მილიარდერმა. 

მისი აზრით, როდესაც ვაქცინა დამზადდება, უპირველეს ყოვლისა იმ ქვეყნების მოსახლეობა უნდა აიცრას, სადაც ჯანდაცვის სუსტი სისტემები არსებობს და, ამასთან, სოციალური დისტანცირების პრინციპები ნაკლებად განხორციელებადია.

აღსანიშნავია, რომ ბილ გეიტსის ფონდმა ხუთშაბათს კიდევ 1,6 მლრდ დოლარი გადაურიცხა ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალურ ალიანსს (GAVI), რათა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დაბალი შემოსავლების მქონე  ქვეყნებში ბავშვების იმუნიზაცია ჩატარდეს.