თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში პოლონეთის ელჩთან მარიუს მაშკიევიჩთან ავიამიმოსვლის აღდგენისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილა.
რომელი ქვეყნიდან ჩამოვლენ საქართველოში პირველი ტურისტები - შეთანხმება მიღწეულია>>
როგორც ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, თურნავამ შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო, რომელიც წარმატებით უმკლავდება პანდემიასთან დაკავშირებულ პრობლემებს, უსაფრთხო დერეფნის ფარგლებში დაინტერესებულია პირდაპირი საჰაერო მიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენით პოლონეთთან.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოში არსებითად გაიზარდა პოლონელი ტურისტების ნაკადი, რაშიც დიდი როლი შეასრულა პირდაპირი ავიარეისების არსებობამ პოლონეთის რამდენიმე ქალაქთან.
თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთი იმ ქვეყნების სიაში იქნება, საიდანაც საქართველო შეძლებს მოგზაურების მიღებას და მათთვის უსაფრთხო ტურისტული მომსახურების გაწევას.
პოლონეთის ელჩმა, თავის მხრივ, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის წარმატებულ ქმედებებზე COVID-19-თან ბრძოლაში და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს წარმოადგენს, როგორც უსაფრთხო მიმართულების ქვეყანას.
საქართველოსა და გერმანიას შორის ავიამიმოსვლა აღდგება? – მხარეები თანხმდებიან>>
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის წარმატებით გაგრძელდება თანამშრომლობა და მალე აღდგება ავიამიმოსვლა, ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველომ საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით 21 მარტს შეწყვიტა. კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის წყალობით ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან აღადგინოს შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან გახნას საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის აღდგება პანდემიის გამო შეწყვეტილი სახმელეთო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლა.
წინასწარი ინფორმაციით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ბალტიის ქვეყნებთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან და მეზობელ ქვეყნებთან.
ამ დროისთვის საქართველოში ფრენების განახლების სურვილი 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ გამოთქვა.