39 დღე კარანტინში: თეთრწყაროში შეზღუდვები მოიხსნა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. 39-დღიანი შეზღუდვების შემდეგ თეთრწყაროში საკარანტინო რეჟიმი მოიხსნა, ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაუქმდა და მოქალაქეებს თავისუფალად გადაადგილების შესაძლებლობა აქვთ, ნათქვამია მუნიციპალიტეტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრწყაროში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 25 აპრილს დაფიქსირდა, 26 აპრილიდან კი, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა. 

COVID-19 საქართველოში: გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმის გაუქმება დააანონსა. მისი სიტყვებით, თეთრწყაროში ეპიდსიტუაცია შეზღუდვების მოხსნის საშუალებას იძლევა, რამდენადაც 22 მაისიდან რაიონში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი სირთულეების დაძლევა მოგვიწია. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული, განსაკუთრებით, თავდაცვის ძალებს, პოლიციას, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს გაწეული დაუღალავი შრომისთვის”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 50 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში შვიდი ადამიანი, კარანტინში კი 36 პირი იმყოფება, სტაციონარში მკურნალობს 5 პაციენტი, 17 886 პირს თერმოსკრინინგი, 872 პირს კი PCR–ტესტირება ჩაუტარდა.