საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში – შეცვლილი ფორმატით და გულშემატკივრის გარეშე

ეროვნული ლიგის ჩემპიონატი შემცირებული სქემით ჩატარდება – თავიდან დაგეგმილი 36 ტურის ნაცვლად კლუბები ორ წრედ 18 ტურს ჩაატარებენ.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ ივნისის ბოლოსთვის დაგეგმილი განახლებული ჩემპიონატის კალენდარი შეადგინა – ჩემპიონატი „საბურთალოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩით განახლდება.

ორ თბილისურ კლუბს შორის შეხვედრა 25 ივნისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩის დასაწყისი – 18:00 საათი.

ადრე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ (სფფ) ჩემპიონატის 25 ივნისს განახლების შესახებ განაცხადა. ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ეროვნული ლიგის ჩემპიონატზე. თუ როდის აიღებს სტარტს ჩემპიონატები დანარჩენ დივიზიონებში, ასაკობრივ ჯგუფებსა და საქართველოს თასზე – ჯერჯერობით უცნობია. 

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში 25 ივნისს განახლდება

გარდა ამისა, ეროვნული ლიგის ჩემპიონატი შემცირებული სქემით ჩატარდება – თავიდან დაგეგმილი 36 ტურის (ოთხ წრედ) ნაცვლად, კლუბები ორ წრედ 18 ტურს ჩაატარებენ – ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ დაუპირისპირდებიან – საკუთარ მოედანზე და გასვლით მატჩში. მატჩები საწყის ეტაპზე მაყურებლის გარეშე გაიმართება.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა ფეხბურთელს კორონავირუსზე ორი ტესტი ჩაუტარდებათ – პირველი ჩემპიონატის განახლებამდე 10 დღით ადრე და მეორე – მატჩის დაწყებამდე.

COVID-19-ის პანდემიის გამო მარტის დასაწყიში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში ყველა დონეზე საფეხბურთო ჩემპიონატის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ორ ჩატარებული მატჩის შემდეგ ლიდერობს თბილისის „ლოკომოტივი“, რომელსაც ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „დინამოა“.