მთავრობის გადაწყვეტილება: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი იხსნება, ჯერი ბოლნისზეა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 26 აპრილს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც რაიონში კორონავირუსით ინფიცირების 19 შემთხვევა დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თეთრწყაროში მკაცრი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა და, ამასთან, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, თეთრწყაროში 22 მაისიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. 

COVID-19 საქართველოში: გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იზრდება

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ძალზე მკაცრი შეზღუდვებია. ინფიცირების ბოლო შემთხვევა 22 მაისს იყო, 22 მაისიდან 4 ივნისამდე პერიოდში კი ერთი საინკუბაციო პერიოდი უკვე გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ბოლო 14 დღის განმავლობაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამავე დროს ჩვენ უნდა მოვუწოდოთ რაიონის მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება და ფხიზლად იყვნენ“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი სიტყვებით, თეთრიწყაროში ამ პერიოდში 449 ტესტირება ჩატარდა და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი 26 აპრილს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც რაიონში კორონავირუსით ინფიცირების 19 შემთხვევა დაფიქსირდა.

თეთრიწყაროში პირველი ინფიცირებული პაციენტი ადგილობრივი სასწრაფო დახმარების თანამშრომელი იყო, დანარჩენი 18 შემთხვევა სწორედ მასთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.