თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19-ის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკები გამოიყენება, ეს გააძლიერებს ბაქტერიულ რეზისტენტობას და გაზრდის სიკვდილიანობას უახლოეს მომავალში, აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.
როგორც ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი ამბობს, ანტიბიოტიკებისადმი მედეგობას სულ უფრო საშიში რაოდენობის ბაქტერიული ინფექციები იჩენს, რომლებიც მანამდე ჩვეულებრივ იკურნებოდა ამ ტიპის პრეპარატებით.
„აშკარაა, რომ მსოფლიო კარგავს უნარს, გამოიყენოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ანტიმიკრობული პრეპარატები“, — განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯანმოში აღნიშნეს, რომ რეალურად COVID-19-ით ინფიცირებულთაგან მხოლოდ მცირე ნაწილს ესაჭიროებოდა ანტიბიოტიკების მიღება. ორგანიზაციამ სახელმძღვანელოც კი გამოსცა მედიკოსებისთვის, რათა ექიმებს ტყუილუბრალოდ არ დაენიშნათ ანტიბიოტიკებით მკურნალობა მათთვის, ვისაც COVID-19 მსუბუქი ფორმით უვითარდებოდა.
ტედროს გებრეიესუსი ამბობს, რომ ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი მედეგობა — ეს „თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალური გამოწვევაა“.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ზოგი ქვეყანა ანტიბიოტიკებს შეუსაბამოდ დიდი რაოდენობით მოიხმარდა, შედარებით დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების დეფიციტი იყო, რასაც „არაერთი სიკვდილი მოჰყვა“.