პრემიერი მთავრობის უპირველეს მიზნებს ასახელებს

მთავრობა პარლამენტში წარადგენს ანგარიშს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლაში, განაცხადა პრემიერმა.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა დღეს – ესაა ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და მოქალაქეების სწრაფი დაბრუნება ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მიუხედავად იმისა, რომ 4 ივნისს კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლისთვის მომავალში აუცილებელია დიდი სიფრთხილე და გონივრულობა.

გიორგი გახარია: ბევრმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, ჩვენ არ გვაქვს ლოდინის დრო

„ჩვენი ძირითადი ამოცანა და სტრატეგიაა ინფიცირების შესაძლო სწრაფი, უსწრაფესი გამოვლინება, მოქალაქეებისთვის ეფექტური, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ მათი ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში ასევე სწრაფად დაბრუნება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ადაპტაციისა და მართვის, ვირუსთან ერთად ცხოვრებისა. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ უნდა ვმართოთ ეს რისკები ვირუსის გავრცელების სისწრაფიდან და მისი გეოგრაფიიდან გამომდინარე. ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი – სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და სწრაფად ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება“, – განაცხადა გახარიამ.

თავის გამოსვლაში პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს მიიღებს წერილობით ანგარიშს მთავრობის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ჩატარებული მუშაობის შესახებ.

„მოგეხსენებათ, ეს ღონისძიებები დაიწყო იანვრიდან და დასრულდა 22 მაისს. ჩვენ ზუსტად ამ პერიოდის სრული ანგარიში წერილობით მომზადებული გვაქვს, ეს გაეგზავნება დღეს პარლამენტსაც და აიტვირთება მთავრობის შესაბამის ვებ-გვერდებზე. მივიჩნევთ, რომ ეს არის პასუხისმგებლიანი მთავრობის ნაბიჯი, რომელიც თავის მოქალაქეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უხსნის ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში რა მოტივით, რა სქემით, რა სტრუქტურით იყო მიღებული გადაწყვეტილებები, რა იყო ამ გადაწყვეტილებების მოტივაცია და მიზანი“, – განაცხადა პრემიერმა.

გახარის თქმით, დოკუმენტში გაანალიზებულია მთავრობისა და თითოეული უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ეპიდემიურ სიტუაციასა და ეკონომიკურ განვითარებას შორის.

არსად წასვლას არ აპირებს: მმართველ პარტიაში ჭორებს პრემიერის გადადგომის შესახებ უარყოფენ>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

დღევანდელი მდგომარეობით, ახალი კორონავირუსი საქართველოში 801 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 644 ადამიანი, გარდაიცვალა – 13, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 304 პაციენტია.