თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. იდენტურმა ტყუპმა ძმებმა გადაწყვიტეს, საკუთარ თავზე გამოეცადათ და შეედარებინათ ორი სხვადასხვა ტიპის დიეტების ეფექტურობა, რისთვისაც მეცნიერების მეთვალყურეობით 12 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ერთი ვეგანურ, ხოლო მეორე – ხორციან დიეტაზე, იუწყება გამოცემა Daily Mail.
გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ტყუპი ძმები ჰუგო და როს ტარნერები ექსპერიმენტის განმავლობაში ერთნაირი რაოდენობის კალორიებს იღებდნენ და ამასთან ფიტნეს–დარბაზში ვარჯიშობდნენ კვირაში ხუთ–ექვსჯერ.
როგორც ჰუგო ამბობს, ვეგანური დიეტის წყალობით, გარდა იმისა, რომ სწრაფად დაიკლო წონაში, ასევე უფრო კონცენტრირებული გახდა.
„დღის განმავლობაში ენერგია არ მიქვეითდებოდა. თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდი“, — განმარტა ჰუგომ.
თუმცა იქვე დაამატა, რომ სამაგიეროდ მკვეთრად შეუსუსტდა ლიბიდო (სექსუალური ჟინი), რომელიც „უბრალოდ დაკარგა“.
აღინიშნება, რომ ექსპერიმენტის დაწყებამდე ჰუგო 84 კგ-ს იწონიდა 13% ცხიმით, დასრულების შემდეგ კი — 82 კილოგრამს 12% ცხიმით.
მისი იდენტური ტყუპისცალი როსი, რომელიც ხორციან დიეტას იცავდა, ექსპერიმენტის დაწყებამდე 81,2 კგ იყო 13% ცხიმებით. 12 კვირის განმავლობაში მან 4,5 კგ მოიმატა წონაში და ასევე ორი პუნქტით გაეზარდა ცხიმების პროცენტული მაჩვენებელი. ექსპერიმენტის ბოლოს მისი წონა 85,7 კგ-ს აღწევდა.
ხელით გაზომილი დიეტა: ბრიტანელი მეცნიერების უმარტივესი მეთოდი>>
ტყუპი ძმების თქმით, ისინი პრაქტიკით დარწმუნდნენ, რომ აუცილებელია რაციონში მეტი ვეგანური საკვების ჩართვა, თუმცა ხორცეულზე სრულად უარის თქმაც არ შეიძლება. მათი რეკომენდაციით, ორივე სახის დიეტიდან საუკეთესოს აღება ოპტიმალური გამოსავალია.