მოსაზრება: აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მაროდიორებთან ბრძოლაში გადაიზარდა

მასობრივი ქაოსი, ძარცვა და ხანძრის გაჩენა მინეაპოლისის მცხოვრები აფროამერიკელის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და არ წყდება.
Sputnik

სოფია მელნიჩუკი

პოლიციელების მიერ უხეში, სასტიკი დაკავების გამო დაიღუპა 46 წლის ამერიკელი. კომენდანტის საათი შტატების ნახევარშია დაწესებული, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება ხშირად პრაქტიკულად უმოქმედოა. პოლიციის ძალა უკვე არასაკმარისია, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს რეგულარული არმიის ჩართვას ვანდალიზმისა და მაროდიორობის დასასრულებლად. რით არის საშიში ეს ნაბიჯი პრეზიდენტისთვის? 

ისევ კანონი და ისევ წესრიგი. ამერიკელები ელოდებოდნენ დონალდ ტრამპის მიმართვას ერისადმი. მაგრამ პრეზიდენტმა ეს პროცესი დააყოვნა და მხოლოდ 2 ივნისს გამოვიდა სიტყვით, მაშინ, როცა ვაშინგტონში უკვე ყველგან მაღაზიის ვიტრინებს ამსხვრევდნენ.

„ჩვენ შეძრულნი ვართ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გამძვინვარებულ ბრბოს უფლება მივცეთ, მშვიდობიანი პროტესტი ჩაძიროს. მთავარი დაზარალებულები კანონმორჩილი მოქალაქეები და მოსახლეობის ღარიბი ფენაა. მე ვიბრძოლებ იმისათვის, რომ დავიცვა ისინი“, – განაცხადა მან.  

„მე ვარ კანონისა და წესრიგის პრეზიდენტი“, — ხაზი გაუსვა ტრამპმა. უნდა ითქვას, რომ ეს ლოზუნგი ამერიკაში კარგად ნაცნობია.

1968 წელს ქვეყანა, ასევე მშფოთვარე დროში, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა. იყო მასობრივი დემონსტრაციები ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, ქალთა და რასობრივ უმცირესობათა მხარდასაჭერად იმართებოდა აქციები. მას შემდეგ, რაც შავკანიანთა უფლებების ცნობილი დამცველი მარტინ ლუთერ კინგი-უმცროსი მოკლეს, შემდეგ კი სენატორი რობერტ კენედი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, რიჩარდ ნიქსონი არჩევნებში მივიდა ლოზუნგით „კანონი და წესრიგი“. 

აშშ-ის პოლიცია მომიტინგეთა სოლიდარობის ნიშნად მუხლს იყრის – ფოტო

„თქვენ უნდა მიიღოთ ის ფაქტი, რომ ყველა პრობლემა ნამდვილად შავებშია“, — განმარტა მაშინ თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსმა ჰარი ჰოლდემანმა. მას შემდეგ „კანონი და წესრიგი“ შავკანიანი ამერიკელებისთვის პოლიციის თვითნებობასთან, დესპოტიზმთან ასოცირდება.

ამჟამინდელ ძარცვა-გლეჯას ტრამპმა შინაგანი ტერორიზმი უწოდა. ერისადმი მიმართვის დროს პრეზიდენტმა მცირე ბიზნესის მფლობელები ახსენა, რომლებიც იძულებული არიან უყურონ, თუ როგორ „ინგრევა მათი ოცნებები“ მეამბოხეთა ხელით. ქუჩის მაროდიორობის ვიდეომტკიცებულებებით გაივსო ინტერნეტი. აჯანყებულები ამსხვრევენ მაღაზიის ვიტრინებს, გამოაქვთ საქონელი, ხატავენ კედლებს, კარსა და ფანჯრებს. მაგალითად, სანტა-მონიკაში Vans-ის სპორტული ტანსაცმლის მაღაზიიდან პრაქტიკულად ყველაფერი მოიპარეს. როდესაც ტელეარხ Fox 11-ის ჟურნალისტები გამვლელებს ეკითხებოდნენ, თუ საიდან ჰქონდათ ფეხსაცმელების ყუთები, ისინი პასუხს მშვიდად არიდებდნენ თავს. ამ დროს გვერდით არც ერთი პოლიციელი არ ყოფილა.  

მსგავსი რამ მთელ ქვეყანაში ხდება. ხელისუფლების მოწოდება ვანდალიზმის შეჩერების შესახებ უშედეგოა. საკუთრებას მშვიდობიანი მომიტინგეები და თვით ბიზნესის მფლობელები იცავენ.

მოსაზრება: აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მაროდიორებთან ბრძოლაში გადაიზარდა

იმავე სანტა-მონიკაში ერთ-ერთი მაღაზიის კართან დადგა გოგონა ბანერით „შეწყვიტეთ ძალადობა“. შეეცადნენ მისთვის ხელის კვრას, შესასვლელთან კვამლის ბომბიც კი გადააგდეს, მაგრამ გოგონა არ შეშინდა. მალე მას შავკანიანი მოქალაქე შეუერთდა ლოზუნგით „ჩვენ ვაპროტესტებთ და არ ვმაროდიორობთ“. ეს ახალგაზრდა ადამიანები სპეციალურად მივიდნენ ქალაქის ცენტრში, რათა ხელი შეეშალათ მეამბოხეებისთვის, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების კომპრომეტირებას ეწეოდნენ. 

სან-დიეგოს შემთხვევამ კი მაიძულა რუსული მაფიის შესახებ ხუმრობები გამეხსენებინა. იქ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან ჩასული ადამიანები რესტორან „პუშკინს“ იცავდნენ. დაწესებულების მფლობელმა აიკ გაზარიანმა „რია ნოვოსტის“ კორესპონდენტთან აღიარა, რომ სწრაფად გააცნობიერა ის, რომ თვითონ უნდა ემოქმედა.

„ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც, როგორც მე, რესპუბლიკური აზროვნების მომხრეები არიან (განსხვავებით მომიტინგეებისგან — რედ. შენიშ.). როდესაც კვირას მივხვდი, რომ უსიამოვნებები იყო მოსალოდნელი, ყველას დავურეკე და ნახევარი საათის შემდეგ ისინი რესტორანთან შეიკრიბნენ. 12 ადამიანი, პისტოლეტებითა და იარაღით ხელში. იარაღი ლეგალურია, ვიცით მასთან მოქცევა. და საკუთარ შენობაში, თავდაცვის მიზნით, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მისი გამოყენების უფლება“, — განმარტა გაზარიანმა. მათ იხსნეს არა მარტო ეს რესტორანი, არამედ მეზობლად მდებარე რამდენიმე დაწესებულება, მათ რიცხვში განსაკუთრებით დაუცველი ალკომარკეტი, რომელიც ხანდაზმულ ერაყელ ემიგრანტს ეკუთვნოდა. 

ამერიკელები იარაღით ხელში იცავენ საკუთარ ბიზნესს მაროდიორებისგან

ქვეყნის მეორე მხარეს, ნიუ-იორკის ბრუკლინში მოქალაქეები უერთდებიან პატრულს, რათა სანამ პოლიცია უმოქმედოა, წესრიგი დაიცვან. „ჩვენ აქ მხოლოდ თავდაცვის მიზნით ვართ. პატივს ვცემთ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და პროტესტის უფლებას. მაგრამ არავის აქვს უფლება გაანადგუროს ის ადგილი, სადაც ჩვენ ოჯახებთან ერთად ვცხოვრობთ. სირცხვილი ნიუ-იორკის მერს, რომ არ გვიცავს“, — ამბობენ პატრულის ორგანიზატორები აიზეკ ბოლტიანსკი და დევიდ ბროდსკი.

სიბრაზის, რისხვის უფლება. ბევრი უკმაყოფილოა ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედობით. ნიუ-იორკის მერს ბილ დე ბლაზიოს მაროდიორობის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. მისი ქალიშვილი ახლახან ქუჩის შეტაკებების მსვლელობის დროს დააკავეს. შტატის გუბერნატორ ენდრიუ კუომოსაც ჰკიცხავენ, თუმცა ბოლო დრომდე ის კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გმირად აღიქმებოდა. 

ორშაბათს დე ბლაზიომ თქვა, რომ სამხედროების ჩართვა სახიფათოა და რომ ეს სიტუაციას უფრო გააუარესებს. „როდესაც შეიარაღებული ძალები შედიან საცხოვრებელ რაიონებში, კარგი არაფერი ხდება“, — დარწმუნებულია მერი. ყველაფრის მიუხედავად, ქუჩებში პოლიციელების რიცხვი ორჯერ გაზარდეს — ოთხიდან რვა ათასამდე. ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 

მოსაზრება: აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მაროდიორებთან ბრძოლაში გადაიზარდა

სხვა რეგიონების ხელმძღვანელები, ძირითადად დემოკრატები, არ ჩქარობენ ეროვნული გვარდიის ჩართვას. დე ბლაზიოს არგუმენტებს ორეგონის გუბერნატორი ქეით ბრაუნი, ილინოისის — ჯეი რობერტ პრიცკერი, ნევადის — სტივ სისოლაკი და მიჩიგანის — გრეტჩენ უიტმერი იმეორებენ. ვაშინგტონის შტატის მეთაურმა ჯეი ინსლიმ სამხედრო დანაყოფები მზადყოფნაში მოიყვანა, თუმცა მათი ქალაქებში განლაგება ჯერ არ დაუწყია. 

ამავდროულად, ტრამპი დაიმუქრა, რომ სამხედროებს ქუჩაში თვითონ გაიყვანს. პრეზიდენტი, მართალია, თვითონ არის მთავარსარდალი, მაგრამ მას არ შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ ფედერალური შეიარაღებული ძალები შტატების ტერიტორიაზე გამოიყენოს. თუმცა, თუ ის გამოიყენებს 1807 წლის აჯანყების შესახებ კანონს, ეროვნული გვარდია მის ბრძანებას გუბერნატორების გვერდის ავლით შეასრულებს. ბოლოს ასე ჯორჯ ბუში-უფროსი 1992 წელში ლოს-ანჯელესში გამართული საპროტესტო აქციების დროს მოიქცა. ეს აქციები ოთხი თეთრკანიანი პოლიციელის მიერ შავკანიანი მოქალაქის უმოწყალოდ ცემის შემდეგ დაიწყო.

ამასთან, გუბერნატორების სურვილი, რომ მომიტინგეებთან ურთიერთობა არ გაამწვავონ, პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, თვლის პოლიტოლოგი-ამერიკანისტი დიმიტრი დრობნიცკი. 

პენტაგონმა მხარი არ დაუჭირა ტრამპის გეგმას პროტესტის ჩასახშობად არმიის გამოყენების შესახებ

„დემოკრატების მთავარი ამოცანაა, არ დაუშვან ტრამპის მეორე ვადით არჩევა. სანამ არ იყო პროტესტები, შეიძლებოდა ადამიანების კარანტინში გაჩერება. ახლა მათ სიბრაზის უფლება მიეცათ“, — ამბობს ის „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას. — „უნდა ვაიძულოთ ტრამპი, რომ ცუდად გამოიყურებოდეს, რადგან, დემოკრატების რიტორიკის თანახმად, ის რასისტია და საზოგადოებაში სიძულვილის ატმოსფერო დანერგა. თუ ამდენი დღის დარბევის შემდეგ პრეზიდენტი ნაციონალური გვარდიის დახმარებით მდგომარეობას გააკონტროლებს, ის პოლიტიკურ ქულებს მოიპოვებს, და შემდეგ მნიშვნელობა არ ექნება, რას იტყვიან დემოკრატები. „ტრამპო, მოდი და წესრიგი დაამყარე“, — აი, ვის მისცემენ ხმას მერყევ შტატებში“, — ამბობს ექსპერტი.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში რასობრივი დისკრიმინაციის მდგომარეობა ნამდვილად შემზარავია. პროტესტების განხილვის დროს ამის დავიწყება შეუძლებელია.

დემოკრატებს არა მხოლოდ ტრამპის არაეფექტურობის დემონსტრირება სურთ, არამედ ცდილობენ არ შეაშინონ ამომრჩევლები უმცირესობებიდან, ამბობს დიმიტრი სუსლოვი.

„მათ საშინლად ეშინიათ არათეთრკანიან მოსახლეობაში მხარდაჭერის დაკარგვისა, სწორედ აფროამერიკელები არიან არჩევნებში ჯო ბაიდენის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენი“, — გვახსენებს ექსპერტი.

ამასთანავე, ორივე მხარეს თამაში ჯარიმის ზღვარზე მიჰყავს, ამბობს თანამოსაუბრე. „დემოკრატები ტრამპის დისკრედიტაციას ცდილობენ, ზომიერი და ცვალებადი ელექტორატის შეშინებით რისკავენ. ტრამპი კი მკაცრ ზომებს იღებს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო დიდი ძალადობა და სიკვდილი გამოიწვიოს“, — განმარტავს ის.

ამერიკული საზოგადოება უკვე უკიდურესად გაყოფილია. საპროტესტო აქციებმა მხოლოდ წინააღმდეგობათა სიღრმეს გაუსვა ხაზი.

უბრალო ხალხი აღშფოთებულია პოლიციის თვითნებობით, მაროდიორობით, დემოკრატები და რესპუბლიკელები კი ძველებურად ვერ თანხმდებიან. ძნელი სათქმელია, რა როლი ითამაშა ჯორჯ ბუში-უფროსის პოლიტიკურ კარიერაში აჯანყების კანონმა, მაგრამ 1992 წლის არჩევნები მან წააგო. ტრამპმა, აშკარაა, არჩევანი სიმკაცრეზე გააკეთა. და თუ ეს როგორ შემოუბრუნდება, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს