დოლარი ვარდნას განაგრძობს – თურნავა მიზეზებზე საუბრობს

მაისის დასაწყისიდან ლარი დოლარის მიმართ 7,5%-ით გამყარდა, მაგრამ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მაინც ისევ ორჯერ აჭარბებს.
Sputnik

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. დაბალანსებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, მონეტარულმა და ფულად-საკრედიტო ბერკეტებმა საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება შეძლო, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნის მორიგი ეტაპი 9 მარტიდან დაიწყო, როდესაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ გაურკვევლობას მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნაც დაერთო. მარტში ლარი 20%-ით გაიაფდა, ხოლო შემდეგ 3,2 GEL/$1 დონეზე დასტაბილურდა. თუმცა უკვე მაისის ბოლოსთვის ლარის კურსმა გამყარება დაიწყო და ეროვნულმა ბანკმა 4 ივნისისთვის ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 3,0416 GEL/$1.ნიშნულზე დაადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვებიდან ვალუტის გაყიდვას აგრძელებს

„ლარის გამყარება – ეს არის რამდენიმე ფაქტორის კომპლექსი. ეს არის ჩვენი დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დაბალანსებული მონეტარული და ფულად-საკრედიტო ბერკეტები, რასაც ვიყენებთ და ეს ნორმალურია“, – განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ეკონომიკური აქტივობის შენელებაც თავის როლს ასრულებს, მაგრამ ეს არის დამაბალანსებელი პროცესი, რომელიც საბოლოოდ დადებითად აისახება, რადგან იმპორტირებული საქონლის ფასებზე ეს პოზიტიურად მოქმედებს და, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს.

პანდემიის ფონზე საქართველოში ინფლაცია უწინდებურად 6%-ზე ზემოთ რჩება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში ინფლაციის დონემ 6,5% შეადგინა მაშინ, როცა მიზნობრივი მაჩვენებლი 3%-ია.  

აპრილში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის თანდათანობით შერბილების გადაწყვეტილება მიიღო და რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 8,5%-მდე დასწია. ეს არის გასული წლის სექტემბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის პირველი შემცირება. მაშინ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის და ინფლაციის ზრდის ფონზე ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის მაქსიმალურად გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

რატომ არ ელოდება საქართველოს ეროვნული ბანკი ფასების ზრდას>>

სავალუტო ბაზარი რომ დაესტაბილურებინა, ეროვნულმა ბანკმა სამი თვის განმავლობაში ხუთი აუქციონი გამართა, რომლებზეც 160 მილიონი დოლარი გაყიდა. ამასთან, მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის  უზრუნველსაყოფად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, სავალუტო ინტერვენციების ჩათვლით.