თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. თბილისის წყალბურთელთა კლუბი „დინამო“ მონაწილეობას მიიღებს 2020/2021 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაში. ინფორმაცია ამის თაობაზე ცურვის ევროპის ლიგის (LEN) ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მე-10 ადგილი დაიკავა>>
თბილისის დინამოელები მოხვდნენ იმ ათი კლუბისგან შემდგარ სიაში, რომლებმაც LEN-სგან ტურნირზე wild card მიიღეს. ქართული კლუბის გარდა ამ სიაში არიან „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „ბარსელონეტა“ (ესპანეთი), „იადრანი“ (მონტენეგრო), „დუბროვნიკი“ (ხორვატია), „მარსელი“ (საფრანგეთი), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „პრო რეკო“ (იტალია), „ჰანოვერი“ და „შპანდაუ“ (ორივე გერმანია).
ტურნირის კიდევ ორი საგზური გათამაშდება საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის ამჟამინდელი სეზონის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს არა 16, არამედ 12 კლუბი. გუნდები ორ ქვეჯგუფად დაიყოფიან, პლეი-ოფში კი თითოეული ჯგუფიდან ოთხი საუკეთესო გუნდი გავა.
თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაში თავისი ისტორიის განმავლობაში მეორედ მიიღებს მონაწილეობას. გასულ სეზონზე დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა – ათი მატჩიდან ქართულმა გუნდმა მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლო (საფრანგეთის „მარსელს“ 15:12 მოუგო).
ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგა წყალბურთში კორონავირუსის პანდემიის გამო არ დასრულებულა.