მსოფლიო დღეს

ტრამპმა რუსეთთან „ბირთვული პაქტის“ გაფორმების სურვილი გამოთქვა

რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის შესახებ ერთადერთ მოქმედ შეთანხმებას მოქმედების ვადა 2021 წლის თებერვალში ეწურება
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს რუსეთთან „ბირთვული პაქტის“ გაფორმება, იუწყება РИА Новости.

„მე მსურს ბირთვული პაქტი, უსაფრთხო ატომი, ვინაიდან ესაა ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც მსოფლიოში არსებობს“, - განაცხადა ტრამპმა რადიო Fox-თვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთზე საუბრისას.

აშშ-ის ლიდერის სიტყვები მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა შეაფასა.

„ხუთეულის“ შეხვედრა: ტრამპმა პუტინის იდეა მოიწონა

„მიგვაჩნია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა უფრო ინტენსიურად უნდა იმუშაონ იმის გათვალისწინებით, რომ სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების ვადა იწურება“, - აღნიშნა პესკოვმა.

სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმება, რომელსაც 2010 წელს მოეწერა ხელი, რუსეთსა და აშშ-ს შორის შეიარაღების შეზღუდვის შესახებ ერთადერთი მოქმედი ხელშეკრულებაა. მას ვადა 2021 წლის თებერვალში ეწურება. ვაშინგტონი აცხადებდა, რომ არ აპირებდა ხელშეკრულების გაგრძელებას და მზად იყო, შეემუშავებინა ახალი დოკუმენტი მოქმედი შეთანხმების „ხარვეზების“ გარეშე და ჩინეთის მონაწილეობით. თუმცა პეკინმა ამ იდეას მხარი არ დაუჭირა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვის განცხადებით კი, სტრატეგიული შემტევი შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმების გაგრძელების ალბათობა დღითიდღე მცირდება.