რატომ შეიძლება თქვას უარი „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო აგიტაციაზე

მმართველი პარტია ვარაუდობს, რომ წინასაარჩევნო პროცესის დროს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გარკვეული შეზღუდვები დაწესდება.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. კორონავირუსის გავრცელების გამო მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სააგიტაციო ღონისძიებებზე, შესაძლოა, უარი თქვას, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყება.

„ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი წულუკიანი იქნება?

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თქმით, მმართველი პარტია ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციებს მართავს.

„როგორც მოგეხსენებათ, აგიტაციის ერთ-ერთი ფორმაა, მაგალითად, რეგიონული შეხვედრების ორგანიზება და ამაზე, ალბათ, „ქართული ოცნება" უარს იტყვის, იმიტომ რომ, ბუნებრივია, სარისკოა 20 000 და 50 000 ადამიანის კონცენტრაცია ერთ კონკრეტულ სივრცეში“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პროცესს ყველა პოლიტიკური პარტია მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

ასევე წინასაარჩევნო პროცესის დროს დაწესდება გარკვეული შეზღუდვები, რათა ე.წ. კარდაკარ სიარული, წინასაარჩევნო მასალების დარიგება არ გახდეს ვირუსის გავრცელების წყარო.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებს პარტია ივლისში წარადგენს, ხოლო პროპორციული სიის პრეზენტაცია სექტემბერში გაიმართება.