თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. ცნობილი კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, მეტსახელად „ლავასოღლის“ ოთხმა ნათესავმა პროტესტის ნიშნად პირები ამოიკერა და ბათუმის იუსტიციის სახლთან შიმშილობა გამოაცხადა, იუწყება „რუსთავი 2“.
თურქეთიდან საქართველოში ან მესამე ქვეყანაში „ლავასოღლის“ ექსტრადირების მოთხოვნით სახელმწიფო დაწესებულებების რამდენიმედღიანი პიკეტირების შემდეგ ორმა ათეულმა ადამიანმა იუსტიციის სახლთან კარვები გაშალა და ხელისუფლებას ულტიმატუმი წამოუყენა.
აქციის მონაწილეთა სიტყვებით, დღეს, 15:00 საათზე, ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, მაგრამ ოფიციალური პასუხი მოთხოვნებზე მათ არ მიუღიათ. მათ გადადეს სარფის საბაჟო პუნქტის დაგეგმილი პიკეტირება და განაცხადეს, რომ მთავრობას „ლავასოღლის“ ექსტრადიციისთვის კიდევ ერთ დღეს აძლევდნენ.
კრიმინალური ავტორიტეტის ნათესავების მეორე, 15-კაციანმა ჯგუფმა აჭარის პროკურატურასთან კარვები გაშალა და შიმშილობა გამოაცხადა.
ამ მომენტისთვის მინდია გორაძე თურქეთში ექსტრადიციულ პატიმრობაში იმყოფება. „ლავასოღლი“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ინტერპოლის ხაზით ეძებდა, 2018 წლის ოქტომბერში ტრაპიზონში დააკავეს.
2019 წლის აპრილში ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძეს დაუსწრებლად შეუფარდა 10 წლით პატიმრობა ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. კიდევ უფრო ადრე, 2018 წლის ივლისში, ბათუმის საქალაქო სასამართლომ გორაძე დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ მუხლებით: „კანონიერი ქურდობა“, „ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზება“ და „ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა“ და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 2019 წლის თებერვალში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
პროკურატურის მონაცემებით, 2014-2015 წლებში „ლავასოღლის“ კავშირი ჰქონდა საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტებთან, იღებდა მათგან ინფორმაციას კრიმინალურ სამყაროში არსებულ ვითარებაზე და აძლევდა მითითებებს თავისი გავლენის გასაძლიერებლად. იგი მონაწილეობდა ასევე ქურდული „ობშჩიაკის“ შეგროვებაში.
შსს „კანონიერ ქურდზე“ ძებნას გამოაცხადებს >>
გამოძიების მონაცემებით, 2015 წლის 24 თებერვალს ლავასოღლი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტების" ავტორსა და წამყვანს ეკა კვესიტაძეს, გამოთქვა უკმაყოფილება მის საქმიანობასთან დაკავშირებით გასული უარყოფითი სიუჟეტის გამო და დაემუქრა მას, რომ შემდგომში თავი შეეკავებინა ანალოგიური ინფორმაციის გავრცელებისგან.