ტესტების არევა თუ დაუდევრობა: საკარანტინო სივრციდან ინფიცირებული პაციენტი გაუშვეს?

საქართველოს მთავარმა ეპიდემიოლოგმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კარანტინიდან ინფიცირებული პაციენტი გაუშვეს.
Sputnik

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ნინოწმინდის რაიონის სოფელ ყაურმის მკვიდრი გუდაურის საკარანტინო სივრცეში იმის გამო აღმოჩნდა, რომ სპეციალისტებს ტესტები აერიათ. 

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცი რუსეთიდან 20 დღის წინ დაბრუნდა და ორკვირიანი კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს ჩავიდა. თუმცა, ორი დღის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ანალიზის პასუხი აერიათ და იგი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ამჟამად იმყოფება. რამდენადაც მამაკაცმა სახლში ორი დღე დაჰყო, მისი ოჯახის ყველა წევრი თვითიზოლაციაში იმყოფება.

გამყრელიძემ უარყო მამაკაცის ინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ იგი სრულიად ჯანმრთელია, რასაც PCR–ტესტიც დაადასტურებს.

„კვლევა მიმდინარეობს, ტესტების არევა არ მომხდარა. კარანტინში ტესტი ორჯერ ჩაუტარდა და ახლა ხდება მისი განმეორებითი ტესტირება. რატომღაც მამაკაცი ერთი ტესტის საფუძველზე გაუშვეს, როცა მეორე იყო სუსტად დადებითი და ახლა ხდება მისი ჩაღრმავებული კვლევა“, – განაცხადა გამყრელიძემ. 

რა პრინციპით მიმდინარეობს კორონავირუსის ტესტების შეძენა - ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

გამყრელიძის თქმით, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ექიმებმა მამაკაცის ინფიცირების შესახებ ორი დღის შემდეგ გაიგეს.

„ეს არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ ორი დღის შემდეგ აღმოაჩინეს. იგი იდენტიფიცირებული იყო, გარკვეულ შეუთანხმებლობას ჰქონდა ადგილი, რომელსაც ახლა ვიკვლევთ. აიღებენ სისხლს, გამოიკვლევენ ანტისხეულებზე და, დარწმუნებული ვარ, რომ, დიდი ალბათობით, ინფექცია არ იქნება“, – განმარტა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 800-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 640, გარდაიცვალა 13.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.