მსოფლიო დღეს

ტრამპმა კუომოს უსაყვედურა, საკუთარ თავს კი მადლობა გადაუხადა

პროტესტების მეშვიდე დღეს აშშ-ის ქალაქები გაივსო მაროდიორებით, რომლებმაც გაძარცვეს ტექნიკის და ტანსაცმლის მაღაზიები, დაწვეს მანქანები და შენობები
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლებას მოუწოდა პროტესტების ჩასახშობად ეროვნული გვარდია გამოიყენოს.

„გუშინ ცუდი დღე იყო ძმებ კუომოებისთვის (შტატის გუბერნატორი ენდრიუ და მისი ძმა, CNN-ის ჟურნალისტი კრისი - რედ.). ნიუ-იორკი დაუტოვეს მაროდიორებს, ავაზაკებს, რადიკალ მემარცხენეებს და სხვა ნაძირლებსა და ნაგავს. გუბერნატორი უარს აცხადებს მიიღოს ჩემი წინადადება ეროვნული გვარდიის მიერ არეულობების ჩახშობის შესახებ. ნიუ-იორკი ნაწილ-ნაწილ დაგლიჯეს“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ში.

მომდევნო ტვიტში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ნაძირლები და ლუზერები“ შტატს ნაწილებად გლეჯენ და გუბერნატორს სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდა.

ნგრევა, არეულობა და მასობრივი პროტესტი: რა ხდება აშშ-ში – ფოტო

ტრამპმა ასევე შეაქო ძალოვანები და გასულ ღამეს პროტესტების ჩახშობისთვის მადლობა საკუთარ თავს გადაუხადა.

„გასულ ღამეს ვაშინგტონში პრობლემები არ ყოფილა. ბევრი დაპატიმრება განხორციელდა. ყველამ შესანიშნავად შეასრულა თავისი საქმე. დიდი ძალები იყო მობილიზებული. ასევე მინეაპოლისიც შესანიშნავი იყო. (მადლობა პრეზიდენტ ტრამპს)“ , - დაწერა პრეზიდენტმა შემდეგ ტვიტში.

ამჟამად ნიუ-იორკში ორშაბათიდან კომენდანტის საათი დაწესდა, რომელიც არეულობების გამო კვირამდე გაგრძელდება. გასულ ღამეს მომიტინგეებმა არ დაიცვეს კომენდანტის საათი. 23:00 საათის შემდეგ, კომენდანტის საათის დადგომის შემდეგ, ქუჩებში უამრავი ხალხი იყო.

რა ვითარებაა აშშ-ში

მინეაპოლისში და აშშ-ის სხვა ქალაქებში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს პოლიციის თანამშრომლებს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდათ. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხელბორკილიანი მამაკაცი ასფალტზე წევს, ხოლო პოლიციელი კისერზე მუხლით ებჯინება. დაკავებული რამდენჯერმე იმეორებს, რომ სუნთქვა და მოძრაობა უჭირს, შემდეგ კი ლაპარაკს წყვეტს. მოგვიანებით ის რეანიმაციაში გარდაიცვალა. თვითმხილველებმა მომხდარი ვიდეოზე გადაიღეს, რომელიც ქსელში სწრაფად გავრცელდა და საზოგადოებაში აღშფოთების ტალღა გამოიწვია.

მოსაზრება: ვის აწყობს ამერიკულ ბუნტში რუსეთის დადანაშაულება

მინეაპოლისში დაწყებული პროტესტი დარბევაში გადაიზარდა და სხვა შტატებსაც მოედო. ბოლო მონაცემებით, პოლიციის საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღამ, სულ მცირე, 140 ქალაქი მოიცვა, 29 მაისს კი პროტესტი და შეტაკება პოლიციასთან ვაშინგტონში, თეთრ სახლთან დაიწყო. ათობით ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს, 20-ზე მეტ შტატში ეროვნული გვარდია ჩაერთო.

თავდაპირველი მშვიდობიანი მსვლელობები ბოლო დღეებში არეულობასა და მაროდიორობაში გადაიზარდა. მაროდიორები ძარცვავენ მაღაზიებს, წვავენ მანქანებს და შენობებს. პრეზიდენტი დაიმუქრა არმიის ამოქმედებით, თუ რომელიმე ქალაქისა თუ შტატის ხელისუფლება უარს იტყვის ისეთი ზომების მიღებაზე, რომლებიც მოსახლეობის სიცოცხლისა და ქონების დასაცავად არის საჭირო. არეულობის მონაწილეების ქმედებებს მან „შინაური ტერორი“ და „დანაშაული კაცობრიობის წინაშე“ უწოდა.

დემონსტრაციების დაწყების შემდეგ სამსახურიდან ოთხი პოლიციელი გაათავისუფლეს, ერთ მათგანს - დერეკ ჩავენს - გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. გამოძიებაში ჩაერთო გამოძიების ფედერალური ბიურო, რომელმაც საქმე პრიორიტეტულად გამოაცხადა. ამჟამად პოლიციის ყოფილი ოფიცერი ჩავენი მინესოტას მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება.