კორონავირუსი რთველს ვერ შეაფერხებს – საქართველოს მთავრობა მეღვინეობის სფეროს დაეხმარება

ხელისუფლება პირობას დებს, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მევენახეობისა და მეღვინეობის დარგებს დაეხმარება.
Sputnik

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისის პირობებში მეღვინეობის სფეროს დაეხმარება და ყურძნის მოსალოდნელი უხვი მოსავლისთვის მოემზადება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

იმისთვის, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი რთველზე არ აისახოს, საქართველოს ხელისუფლება მეღვინეობის დარგზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში იზრუნებს. ეს გადაწყვეტილება მიიღეს პრემიერთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან.

საქართველოში ფერმერთა დახმარების პროგრამა ამოქმედდა

შეხვედრაზე განიხილეს გლობალურ პანდემიასთან დაკავშირებით მეღვინეობის დარგში არსებული ვითარება და ზარალი, რომელიც დარგმა ტურიზმის შემცირების პირობებში მიიღო.

პრემიერის დავალებით სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას, რათა ყურძნის ჩაბარების პროცესში არ შეიქმნას პრობლემები და სახელმწიფოცა და კერძო სექტორიც რთვლის სეზონს მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს.

სოფლის მეურნეობა და ფერმერების დახმარება პრიორიტეტია

მთავრობამ უკვე განაცხადა იმპორტჩანაცვლების ამბიციური გეგმების შესახებ, ამიტომ სოფლის მეურნეობისა და ფერმერების დახმარება პრიორიტეტულია.

სოფლის განვითარების პროგრამა მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მფლობელთა ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ. დაიწყო ფერმერებისთვის აგრობარათების გაცემა. აგრობარათებზე დაირიცხება როგორც ფულადი სახსრები, ისე ქულები, რომლებითაც ფერმერები სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენას, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ.

საქართველოში ათასობით ფერმერმა საწვავის შეღავათიან ფასად შესაძენად ბარათები უკვე მიიღო

ყველა ფერმერი, რომელიც 0,25-დან 10 ჰექტრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელ საწვავს საბაზრო ღირებულებაზე იაფად შეიძენს. წლიური ლიმიტი იქნება 150 ლიტრი ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

კრიზისთან დაკავშირებით ასევე შეიცვალა აგროკრედიტის პროგრამაც, რომელიც ქვეყანაში 2012 წლიდან მოქმედებს.

სახელმწიფო სრულად გადაიხდის ერთწლოვანი კულტურების წარმოების გასავითარებლად აღებული 5 ათასიდან 100 ათას ლარამდე მოცულობის სესხის პროცენტებს. სესხი ნახევარი წლის განმავლობაში გაიცემა.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ ძირითადი საშუალებების კომპონენტში იზრდება თანადაფინანსების პროცენტი. არსებული წლიური 8 პროცენტის ნაცვლად სახელმწიფო ფერმერს 48 თვის განმავლობაში დაუფინანსებს 11 პროცენტს. იზრდება ლიზინგის თანადაფინანსების პროცენტიც – ნაცვლად არსებული 9 პროცენტისა, იქნება 12 პროცენტი.

9 მილიონის გრანტები სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის – როგორ მოვიპოვოთ>>

პროგრამის ფარგლებში ფერმერებისთვის გაცემული კრედიტების საერთო მოცულობა 2020 წელს 25 მილიონ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა გაფართოვდა და ახლა ის მოიცავს მეღვინეობის დარგს, რომელიც მეღვინეობის კომპანიებს პანდემიისგან გამოწვეული პრობლემების გადალახვაში დაეხმარება.