თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ცნობილმა რუსმა კარდიოლოგმა, მოსკოვის ჟადკევიჩის სახელობის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მიასნიკოვმა კორონავირუსთან ბრძოლის ქართული საიდუმლოს ამოხსნა ვერ მოახერხა. კორონავირუსთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებაზე მან ისაუბრა ვიდეოხიდის მოსკოვი–ერევანი–მინსკი ფარგლებში, რომელიც Sputnik-ის პრეს-ცენტრების ორგანიზებით ჩატარდა.
ექსპერტის განცხადებით, კორონავირუსს გარკვეული გენდერული, ასაკობრივი და რასობრივი „უპირატესობები“ გააჩნია. მისგან უფრო მეტი მამაკაცი იღუპება, ვიდრე ქალი, ბავშვებისთვის იგი ნაკლებად საშიშია ვიდრე ხანდაზმულებისთვის, ამასთან, ლათინურამერიკელები და აფროამერიკელები უფრო ხშირად ავადდებიან.
„ჩვენი გამოცდილებით ყველაზე მძიმე პაციენტები კავკასიელები და აზიელები არიან. თუ ჩვენ ხანდაზმულ ადამიანს ვხედავთ კავკასიური გვარით, მაშინ ვხვდებით, რომ მის მდგომარეობას ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ“, – ციტირებს ექიმის სიტყვებს „Sputnik–სომხეთი“.
ამ კონტექსტში ექიმმა ახსნა ვერ მოუძებნა იმ ფაქტს, თუ რატომაა ორ მეზობელ სახელმწიფოში – საქართველოსა და სომხეთში დაავადების თვალსაზრისით აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია. მან მაგალითად მოიყვანა ფლორიდისა და ნიუ-იორკის შტატები, სადაც პირველ შემთხვევაში ასაკოვანი მოსახლეობის დიდი რაოდენობის მიუხედავად ავადობის თვალსაზრისით ვითარება ნორმალურია, მეორე შემთხვევაში კი უკიდურესად მძიმე. თუმცა, მიასნიკოვი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში მკაცრმა კარანტინმა დადებითი შედეგი გამოიღო.
სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 796 ადამიანს მიაღწია. გასული კვირის ბოლოს ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა შეიმჩნეოდა – დღე-ღამეში რამდენი ათეული შემთხვევა. ექსპერტების ვარაუდით, აღნიშნული ფაქტი, შესაძლოა, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების გაუქმებას უკავშირდებოდეს.