თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი სამოგზაურო პორტალი Condé Nast traveller იმ ადამიანებს, ვინც საზაფხულო მოგზაურობას გეგმავს, საქართველოში სტუმრობას ურჩევს.
მალდივები, საქართველო, საბერძნეთი, შრი-ლანკა, ესპანეთი და ბალი – ასეთია იმ ადგილების ჩამონათვალი, რომელსაც პორტალი მოგზაურებს სთავაზობს.
„ოცნებობთ საზაფხულო მოგზაურობაზე? რომელიმე ქვემოთ ხსენებულ ქვეყანაში მოგზაურობა სავსებით შესაძლებელი ხდება! თუ გამოცდილი მოგზაური ბრძანდებით და ჯერ ფიქრობთ სად გაემგზავროთ, გთავაზობთ იმ დანიშნულების ადგილთა ჩამონათვალს, რომლებიც პირველ რიგში გაიხსნებიან და დაგეგმვაში გამოგადგებათ: მალდივები, საქართველო, საბერძნეთი, შრი-ლანკა, ესპანეთი და ბალი“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო უკვე 1 ივლისიდან უმასპინძლებს საერთაშორისო ტურისტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ კორონავირუსისგან თავისუფალ „მწვანე ზონებში“. პუბლიკაციაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მთელ ევროპაში.
საქართველო 1 ივლისიდან ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის. წინასწარი ინფორმაციით, უსაფრთხო, ანუ ე.წ. „მწვანე დერეფნები“ პირველ რიგში გაიხსნება ისრაელის, ავსტრიის, ჩეხეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ტურისტებს ელოდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მეტ-ნაკლებად საქართველოს ვითარებას ჰგავს.
ავიაბილეთები საქართველოში – როგორი იქნება საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის წესები >>
გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები ორით გაიზარდა და 796-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 634, გარდაიცვალა 12 პაციენტი. კარანტინში იმყოფება 2424 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 304 პირია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.