თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. განსაკუთრებულ ბავშვებს უჭირთ კარანტინისა და თვითიზოლაციის გადატანა, რადგან მათთვის აუცილებელია ცოცხალი ურთიერთობა, აღნიშნეს ვიდეოხიდის - „შემოქმედებითი უნარების განვითარება ბავშვებში პანდემიის პირობებში“ - მონაწილეებმა, რომელსაც ორგანიზება გაუკეთეს Sputnik-ის პრესცენტრებმა მინსკში, თბილისსა და ერევანში.
იძულებითი თვითიზოლაციის დროს მწვავედ დადგა ბავშვებისთვის დისტანციური გაკვეთილების ორგანიზების საკითხი, რათა ბავშვებს მეგობრებთან და პედაგოგებთან ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონოდათ. მით უფრო, როდესაც საუბარია განსაკუთრებულ ბავშვებზე. რთული იყო ბავშვების გართობა დახურულ სივრცეში ისე, რომ ეს სასარგებლოც ყოფილიყო და საინტერესოც.
„მათ უჭირთ ურთიერთობის გარეშე“
როგორც ოჯახური ინკლუზიური თეატრის "i" სამხატვრო ხელმძღვანელმა ირინა კისილიოვამ განაცხადა, აუტისტი ბავშვებისთვის აუცილებელია ურთიერთობა. გარდა ამისა, გაჩნდა ბევრი ჩარჩო და შეზღუდვა, დღის წესრიგიდან გაქრა მათთვის ჩვეული მეცადინეობა, სკოლა.
ამას ეთანხმება კლინიკური ფსიქოლოგი, განსაკუთრებული ბავშვების განვითარების სპეციალისტი ანაიტ აიკაზუნი, რომელიც ამბობს, რომ სწავლების ონლაინ-ფორმატი მათთვის ნაკლებად შესაფერისია.
„ბევრ ბავშვს, საზოგადოებაში სოციალიზებულსაც კი, რომლის უნარებიც კარგადაა გენერალიზებული - არ შეუძლია ამ მეცადინეობების კარგად აღქმა, არ შეუძლია ამგვარი გაკვეთილების დროს ურთიერთობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დისტანციური გაკვეთილები ვერ შეძლებს იმის კომპენსაციას, რაც აქამდე იყო“, - აღნიშნა აიკაზუნიმ.
პროექტის „ინკლუზიური ოჯახი სომხეთში“ დამფუძნებელმა ანა გრიგორიანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, მშობელი თავად ასწავლიდეს და ავითარებდეს შვილს და მასთან ურთიერთობა ჰქონდეს ნებისმიერ სიტუაციაში.
„ცხოვრებაში ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, არ შეიძლება ყოველთვის სპეციალისტზე იყო დამოკიდებული. სპეციალისტი არის ადამიანი, რომელთანაც მშობელი და მთელი ოჯახი უნდა თანამშრომლობდეს - ინკლუზიის არსიც ესაა“, - განმარტა გრიგორიანმა.
თვითიზოლაცია ოჯახთან ერთად
საქველმოქმედო ფონდ „სერაფიმის“ დამფუძნებელმა ლია სერგეევამ აღნიშნა, რომ საქართველოში ამჟამად არიან ექიმები, რომლებიც განაგრძობენ ბავშვებთან პირად ვიზიტებს ან უკავშირდებიან მათ დისტანციურად, რათა დააკვირდნენ ბავშვების ქცევას, განაგრძობენ მათი უნარების განვითარებას.
„ჩვენ ვმუშაობთ უნარების განვითარებაზე როგორც დისტანციურად, ისე რეალურად. ამასთან, პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთნენ ოჯახის წევრები, რადგან მოქმედებს თვითიზოლაციის რეჟიმი, არის ერთგვარი შინაგანი დაძაბულობა. ჩვენ ახლა შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ - მრავალშვილიანი ოჯახი გვყავს, უფროსი ქალიშვილები უფრო მეტად მონაწილეობენ ჩემი ვაჟის აღზრდაში, რომელსაც დარღვეული აქვს განვითარება. ერთი მოძრაობების დახვეწაში ეხმარება, მეორე მასთან ერთად სიმღერებს სწავლობს, მესამე ეთამაშება“, - ამბობს სერგეევა.
თუმცა, მისივე თქმით, ამ მომენტისთვის საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრები ონლაინ რეჟიმში არ მუშაობენ, ამიტომ მისი შვილი მეცადინეობს არაქართული ცენტრის სპეციალისტებთან.
არ დავუშვათ დისტანციური კავშირი?
„ჩვენ - განსხვავებულები ვართ!“ ფონდის პრეზიდენტისა და ინტეგრაციული მედიცინის ცენტრ Miraculum-ის დირექტორის, ანდრეი მაქსიმოვის განცხადებით, მნიშვნელოვანია არა იმაზე საუბარი, როგორ ვიმოქმედოთ დისტანციურად, არამედ იმაზე, რომ ბავშვებისთვის დისტანციური მეცადინეობა პრინციპულად დაუშვებელია. აუტიზმის სპეციფიკა ხომ ის არის, რომ ბავშვებს უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდეთ. აუტისტი ბავშვები, მაქსიმოვის თქმით, არ შეიძლება მუდმივად ოთხ კედელში იყვნენ გამომწყვდეული.
ფონდის პრეზიდენტმა აღნიშნა ასევე, რომ თბილისში არ უნდა დახურულიყო ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრები, ეს ხომ მათი მკურნალობის ნაწილია, რომელიც აუცილებლად სჭირდებათ. მსგავსი მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.
„ჩვენი ბავშვების მიმართ აღმასრულებელი ხელისუფლების რეაქცია სწრაფი და გადამჭრელი იყო. ინვალიდობის ცნობებითა და ფორმა 100-ით ხელში დედებმა მიიღეს ნებართვა, ბავშვებთან ერთად წასულიყვნენ, სადაც მოისურვებდნენ“, - აღნიშნა მაქსიმოვმა.
მისი თქმით, ნებისმიერი თემა, რომელიც აუტიზმს უკავშირდება, მნიშვნელოვანია. მაგრამ თავდაპირველად უნდა გაანალიზდეს საკითხთა მთელი კომპლექსი. მაქსიმოვმა აღნიშნული თემა შეადარა სახლის შენებას, სადაც ყოველ დეტალს სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს.