პრემიერი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკა აღდგეს

მთავრობა მუშაობს, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, აღადგინონ ის შემოსავლები, რაც მათ პანდემიამდე ჰქონდათ, განაცხადა პრემიერმა.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ მოქალაქეების მძიმე სოცილურ მდგომარეობას, ამიტომ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა აღადგინოს ეკონომიკური საქმიანობა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე ორშაბათს.

საქართველოში მაღაზიები იხსნება: რა წესების დაცვა მოუწევთ „შოპინგის“ მოყვარულებს>>

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკას, ისევე, როგორც მოქალაქეების კეთილდღეობას, სერიოზული ზიანი მიაყენა. ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი, შემოსავლების გარეშე. ქვეყნის ხელისუფლებამ შეიმუშავა როგორც მოსახლეობის, ისე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა. ასევე კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის წარმატებული ზომების ფონზე მოხსნეს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, შეუდგნენ შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნასა და ეკონომიკური აქტივობის აღდგენას.

საქართველოში რესტორნები ამუშავდა – რეკომენდაციები და მოთხოვნები

„ჩვენ იძულებული ვართ, ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი უკან დაბრუნების, ეკონომიკის შემდგომი ან ხელახალი დახურვისა და გადაკეტვის“, – განაცხადა გახარიამ.

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობამ ფულადი კომპენსაცია გადაუხადა 400 ათასზე მეტ მოქალაქეს. სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ პანდემიის აფეთქების პერიოდში უმუშევრად დარჩენილები, კონტრაქტის საფუძველზე მომუშავე ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფნი, თვითდასაქმებულები, ასევე სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.

„ეს სოციალური დახმარება არ არის საკმარისი, ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეკონომიკა გავხსნათ და ადამიანებს მივცეთ საშუალება, აღიდგინონ ის შემოსავალი, რომელიც მათ COVID-19-მდე ჰქონდათ, შემოსავალი, რომელიც მათ უნდა მიიტანონ ოჯახში და დაიბრუნონ ცხოვრების ის დონე, რომელიც ჰქონდათ წლის დასაწყისში. ეს არის ჩვენი ერთმანეთისადმი ვალდებულება“, – განაცხადა პრემიერმა.

იზრდება იმ თვითდასაქმებულების რაოდენობა, რომლებმაც სახელმწიფოსგან დახმარება მიიღეს>>

ტურიზმისა და ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის ყველა გეგმა ხორციელდება ფრთხილად და გონივრულად, ისე, რომ რისკი არ შეიქმნას მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, აღნიშნა გახარიამ და დასძინა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის, რესტორნების, მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნით იზრდება ვირუსის გავრცელების რისკი.

„თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა და მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ პირბადე, განსაკუთრებით, როცა ვართ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაშინ, როცა ვართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს... ეს არის ის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, რომელიც მარტივია და შეგვიძლია ყველამ გავაკეთოთ“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტის ბოლოს ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა დააწესა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა. 23 მაისიდან, როდესაც მოიხსნა საგანგებო მდგომარეობა, დარჩა გარკვეული შეზღუდვები, რომლებსაც ხელისუფლება ეტაპობრივად ხსნის.

ამჟამად ქვეყანაში კრონავირუსის 794 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელდა 624 ადამიანი, გარდაიცვალა – 12 პაციენტი.