„ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან“ – გამყრელიძე პოლიტიკაში დაბრუნებაზე

მოარული ხმების შესახებ ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა განმარტა, რომ ის თავის ადგილზეა და საქმიანობის გამოცვლას არ აპირებს.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. ამის შესახებ მან ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უკვე რამდენიმე კვირაა, ქართულ მასმედიაში პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ამირან გამყრელიძე პოლიტიკაში ბრუნდება.

COVID-19: ჯანმომ საქართველოს კვლევაში მონაწილეობა შესთავაზა

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ის უკვე იყო პოლიტიკაში 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე და ეს მისთვის განვლილი ეტაპია.

„არ ვიცი, რამდენად იცით ჩემი ბიოგრაფია. მე პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012 წელს. მე არ გიმალავთ ჩემს ასაკს, 69 წლის ვარ. ჩემთვის ეს ყველაფერი განვლილი გზაა, დამთავრებულია ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ახლა მისთვის მთავარია, საკუთარ ქვეყანას გამოადგეს თავისი გამოცდილებითა და ცოდნით იმ თანამდებობაზე, რომელიც მას ამჟამად უკავია. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მას ბევრი გეგმა აქვს, მათ შორის, ახალგაზრდა სპეციალისტ–ეპიდემიოლოგების ღირსეული თაობის აღზრდა.

„ხედავთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰქონია თურმე სერიოზული მნიშვნელობა ამ ტიპის გამოწვევებთან ბრძოლაში, იქნება ეს ჰეპატიტი, თუ სხვა კიდევ ბევრი დიდი გამოწვევა. მგონი, ძალიან კარგ ადგილზე ვარ, არავითარი სურვილი არ მაქვს პოლიტიკაში დაბრუნების. ერთსა და იმავე მდინარეში სამჯერ არ შედიან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძეს 1994–1997 წლებში ჯანდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობა ეკავა. 1997–2001 წლებში იყო ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო 2001–2004 წლებში – ჯანდაცვის მინისტრი.

2013 წლის თებერვლიდან გამყრელიძე საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.