მსოფლიო დღეს

NYT: საიდუმლო სამსახურმა პრეზიდენტი ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანა

პოლიციამ დემონსტრანტების გაწევა კვირას, საღამოს დაიწყო მას შემდეგ, რაც მათ თეთრი სახლის მახლობლად არეულობა მოაწყვეს და იქვე მდებარე შენობებს ცეცხლიც წაუკიდეს.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტებმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანეს პარასკევს თეთრ სახლთან გამართული საპროტესტო აქციის გამო, იუწყება გაზეთი New York Times წყაროებზე დაყრდნობით. 

„უცნობია, რამ უბიძგა საიდუმლო სამსახურს გადაეყვანათ ბატონი ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში, რომელიც საგანგებო ვითარებებისას გამოიყენება როგორც მართვის ოპერატიული ცენტრი, მაგრამ სამსახურს აქვს პრეზიდენტის დაცვის პროტოკოლი, როდესაც მას საფრთხე ემუქრება“, — წერს გამოცემა.

გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ბუნკერში ერთ საათზე ნაკლები დაჰყო.

გამოცემა NYT განმარტავს, რომ საიდუმლო სამსახურმა მიწისქვეშა ბუნკერით მანამდე 2001 წლის 11 სექტემბერს ისარგებლა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და ვიცე-პეზიდენტ დიკ ჩეინის უსაფრთხოების დასაცავად, ვინაიდან ხელისუფლება შიშობდა, რომ ტერორისტები ერთ-ერთ თვითმფრინავს თეთრი სახლისკენ მიმართავდნენ. 

არეულობა აშშ-ში: პროტესტებმა 17 დიდი ქალაქი მოიცვა

საპროტესტო აქციის მონაწილეები თეთრ სახლთან პარასკევს შეიკრიბნენ. პოლიციამ კვირას, საღამოს დაიწყო მათი გაწევა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა პრეზიდენტის რეზიდენციის მახლობლად არეულობა მოაწყვეს და იქვე მდებარე შენობებს ცეცხლიც წაუკიდეს.

არეულობა აშშ-ში მინეაპოლისიდან დაიწყო, სადაც პოლიციას დაკავებისას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, როგორ აჭერს ერთ-ერთი სამართალდამცველი ასფალტზე მწოლ ფლოიდს კისერზე მუხლს. დაკავებული რამდენჯერმე ამბობს, რომ სუნთქვა უჭირს, შემდეგ კი დუმდება. ჯორჯ ფლოიდი რეანიმაციაში გარდაიცვალა, მის დაკავებაში მონაწილე სამი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ერთს კი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში დასდეს ბრალი.