რა წესები უნდა დაიცვან სპორტსმენებმა - შემუშავდა ახალი პროტოკოლი

ვარჯიში ღია სივრცეში უნდა ჩატარდეს ორმეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო დახურულ სივრცეში ორმეტრიანი დისტანციის დაცვით და ერთდროულად მაქსიმუმ 5 პირის მონაწილეობით.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ პროფესიული სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვებისგან გამონაკლისების დაშვების დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა.

პროტოკოლის მიხედვით, სპორტულმა ფედერაციებმა და ორგანიზაციებმა საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესის ორგანიზებისას მკაცრად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და იხელმძღვანელონ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით.

პროტოკოლის მიხედვით, გამონაკლისები დაიშვება სპორტის სახეობების სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც უკავშირდება კონტაქტური და არაკონტაქტური წვრთნის/ვარჯიშის ფორმას.

კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოძრაობის წესებს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს

სპორტის კონტაქტური სახეობების შემთხვევაში სპორტსმენებისთვის განისაზღვრა ორ მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვა.

სპორტის კონტაქტური  სახეობებია: ძიუდო, ჭიდაობა, სამბო, კრივი, კარატე, კონტაქტური კარატე, მკლავჭიდი, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი, ნიჩბოსნობა, ტაეკვონდო, ფიგურული ციგურაობა (წყვილებში), საწყლოსნო სპორტი, ხელბურთი, ფრენბურთი, უშუ, სუმო, კიკბოქსინგი.

სპორტის არაკონტაქტური სახეობების შემთხვევაში სპორტსმენებმა უნდა დაიცვან ორ მეტრზე მეტი დისტანცია.

სპორტის არაკონტაქტური სახეობებია: კანოე, მშვილდოსნობა, საავტომობილო სპორტი, ძალოსნობა, ტანვარჯიში, ჩოგბურთი, ჭადრაკი, ფარიკაობა, მეკლდეურობა, ფიგურული ციგურაობა (ინდივიდუალური), სროლა, საცხენოსნო სპორტი, მაგიდის ჩოგბურთი, ველოსპორტი, მოტოსპორტი, ათლეტიზმი, სათხილამურო სპორტი, მძლეოსნობა.

პროტოკოლის მიხედვით, არაკონტაქტური და კონტაქტური სპორტის სახეობებისთვის ვარჯიში ღია სივრცეში უნდა ჩატარდეს ორმეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო დახურულ სივრცეში ორმეტრიანი დისტანციის დაცვით და ერთდროულად მაქსიმუმ 5 პირის მონაწილეობით.

როგორ იმუშავებენ სილამაზის სალონები საქართველოში: წესების სრული ჩამონათვალი

ამასთან, უშუალოდ სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის  (სპორტსმენი, მწვრთნელი და ა.შ.) სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება (ხელის დაბანა გამდინარე წყლითა და საპნით და ხელების დამუშავება დეზინფექტანტის საშუალებით).

დაუშვებელია საერთო სარგებლობის გასახდელების ან/და საშხაპე სივრცეების გამოყენება. სავარჯიშო პროცესში აკრძალულია საერთო სპორტული ინვენტარის გამოყენება, გარდა სპორტის სახეობის სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებლობისა (მაგ., ბურთი, ბატუტი, ტურნიკი და ა.შ.).

ყოველი დღის ბოლოს პერსონალმა სივრცის სველი წესით დალაგება/დეზინფექცია უნდა უზრუნველყოს.

ამასთან, სპორტსმენებისა და პერსონალისთვის საერთო სარგებლობის სივრცეებში (გარდა სავარჯიშო სივრცეებისა) ნიღბების ტარება სავალდებულოა.