გამყრელიძე: ჩამოყალიბდა ე.წ. საბურთალოს კლასტერი

ცხრა ინფიცირებული პირი ნუცუბიძის პლატოს ერთ კორპუსში ცხოვრობს. ისინი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაზე იყვნენ და კორონავირუსზე ტესტი მე-14 დღეს ჩაუტარდათ.
Sputnik

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა და დიდი ალბათობით, შესაძლოა, ინფიცირების პირველწყარო მედიკოსი იყოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მოექცა თუ არა კარანტინში ერთ-ერთი კორპუსი საბურთალოზე - ეზუგბაიას განმარტება

საქართველოში დღეს კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან ცხრა ორი დღის წინ დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია. გამყრელიძის განმარტებით, ისინი ერთი ოჯახის წევრები და ოჯახის ახლო კონტაქტები არიან.

მისი თქმით, თბილისში დადასტურებული კორონავირუსის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და ხდება მათი გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში.

„ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად. უკვე გამოკვლეულია დაახლოებით 50-მდე კონტაქტი.  ამ კონტაქტებიდან,  გარდა გუშინწინ დადგენილი ორისა ანუ პირველწყაროსი,  ცხრას დაუდგინდა კოვიდინფექცია. კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება. კოვიდინფიცირებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში,  ხოლო კონტაქტების გადაყვანა ხდება თანდათან საკარანტინო სივრცეებში თბილისში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის  ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფიცირების პირველადი წყარო, შესაძლებელია, იყოს მედიკოსი. 

„მე პერსონალურ ინფორმაციას არასოდეს გავცემ. შემიძლია, გითხრათ, რომ ესენი არიან ერთი ოჯახის და ოჯახთან ძალიან ახლო კონტაქტები. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა. ესენი არიან დევნილები თუ ადგილობრივი მცხოვრებლები, მე ამას ვერ დავაზუსტებ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ტურიზმი პირბადით: რა გამოწვევების წინაშეა სექტორი კორონავირუსის პანდემიის გამო 

გამყრელიძემ მოსახლეობას სიმშვიდისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხრა ინფიცირებული პირი ნუცუბიძის პლატოს ერთ კორპუსში ცხოვრობს. ისინი ინფიცირებულთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაზე იყვნენ და კორონავირუსზე ტესტი მე-14 დღეს ჩაუტარდათ.

ბოლო  მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 757–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 600 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში – 250. საქართველოს სამი მოქალაქე სამშობლოში უცხოეთიდან გადმოიყვანეს სამკურნალოდ.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. 

ამ კვირის პირველ დღეებში კორონავირუსის სულ რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა - 1-3 ერთ დღეში. გუშინ 8 ახალი შემთხვევა დაემატა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი ნახტომისებური ზრდა მკაცრი შეზღუდვების მოხსნას უკავშირდება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.