თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა დღეიდან მუშაობა განაახლა.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებრივი ტრანსპორტით – მეტროთი და ავტობუსებით გადაადგილება 30 მარტს აიკრძალა, ხოლო მიკროავტობუსების მომსახურება საქართველოს მასშტაბით 18 მარტიდან იყო შეჩერებული.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გუშინ ავტოპარკს ეწვია და მუნიციპალური ავტობუსების საბოლოო შემოწმებისა და სპეციალური წესით დამუშავების პროცესს გაეცნო.
მერის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაოები ტრანსპორტში ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მოქალაქეებმა გარკვეული წესები უნდა დაიცვან. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა პირბადის ტარება.
ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ იმუშავებს კონდიციონერი, რადგან, ეპიდომიოლოგების აზრით, ის ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს. ღია უნდა იყოს ფანჯრები.
თბილისში ტრანსპორტი გაძვირდება? კალაძის პასუხი>>
მუშაობა განაახლა ასევე სამარშრუტო მიკროავტობუსებმა, სადაც ვრცელდება იგივე წესები და, ამასთან, მგზავრების ფეხზე დგომით გადაყვანა იკრძალება.
ავტობუსებსა და გაჩერებებზე წესების დაცვას მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები და კონდუქტორები გააკონტროლებენ, ხოლო მეტროში – პოლიცია.
რაც შეეხება მეტროს, დილიდან მეტროს სადგურების შესასვლელებთან გაკრულია სტიკერები, სადაც მითითებულია, რომ მოქალაქეები, რომლებსაც მეტროთი მგზავრობის სურვილი აქვთ, პირბადის გარეშე არ დაიშვებიან. მეტროს თანამშრომლები კი მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ასევე პოლიციის მიერ ტერიტორია გაყოფილია ყვითელი ლენტით, რომლითაც გამიჯნულია შესასვლელ-გასასვლელი. ამასთან ერთად, სამუშაოს დაწყებამდე მეტროს თანამშრომლებს თერმოსკრინინგს უტარებენ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა დარჩა, რომლებიც ეტაპობრივად იხსნება.