მზის მინიმუმი დაიწყო: გველის თუ არა გამყინვარება და მიწისძვრები?

გასული წლის დეკემბერში მეცნიერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მზის მინიმუმის დადგომა 2020 წლის აპრილისთვის იყო ნავარაუდევი — პლუს–მინუს ექვსი თვის ცდომილებით. ასე რომ, ჩვენ ან უკვე ვართ აღნიშნულ პერიოდში, ან მის ზღურბლზე ვდგავართ.
Sputnik

თბილისი, 29 მაისის — Sputnik. მზის მინიმუმი, რომლის 2019-2020 წლებში დადგომის თაობაზეც ჯერ კიდევ სამი წლის წინ ალაპარაკდნენ NASA-ს სპეციალისტები, საზოგადოების ნაწილის აზრით, სიცივეს, შიმშილსა და მიწისძვრებს მოიტანს, იუწყება სამეცნიერო გამოცემა Science Alert.

მზისა და მთვარის დაბნელებები ივნისში: ცნობილია თარიღები და რეკომენდაციები

გამოცემა განმარტავს მზის მინიმუმის რაობასა და მის გავლენას დედამიწის მოსახლეობაზე.  

გასული წლის დეკემბერში აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების ეროვნულმა სააგენტომ (NOAA) გაავრცელა ინფორმაცია, რომ მზის მინიმუმის დადგომა 2020 წლის აპრილისთვის იყო ნავარაუდევი — პლუს–მინუს ექვსი თვის ცდომილებით. ასე რომ, ჩვენ ან უკვე ვართ აღნიშნულ პერიოდში, ან მის ზღურბლზე ვდგავართ. 

მეცნიერების თქმით, მზის ციკლს მისი მაგნიტური ველი განსაზღვრავს, რომელიც მიმართულებას ყოველ 11 წელიწადში ერთხელ იცვლის, თუმცა, რატომ ხდება ეს — ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი.

„მზის მინიმუმი — ეს დაბალი აქტივობის პერიოდია მზის 11-წლიან ციკლში. ამაში საშიში არაფერია. თუ ამ სტრიქონებს კითხულობთ, დიდი ალბათობით, უკვე რამდენიმე მინიმუმი გაქვთ გადატანილი შეუმჩნევლად“, — ნათქვამია სტატიაში.

ირკვევა, რომ დედამიწის მოსახლეობა ვერ შეიგრძნობს მზის ციკლების ცვალებადობას. მართალია, მზის მინიმუმში ულტრაიისფერი გამოსხივება მცირდება (რის გამოც დედამიწის ატმოსფერო თითქოს ცოტა იკუმშება), მაგრამ არა იმდენად, რომ ჩვენი დაცვა შეწყვიტოს. ასე რომ, მზის მინიმუმისას საფრთხე კოსმოსში მყოფ ასტრონავტებს ემუქრებათ, მაგრამ არანაირად – დედამიწის მოსახლეობას.

რაც შეეხება გამყინვარებას, მიწისძვრებსა და შიმშილობას, მსგავსი მოლოდინები უკავშირდება 1816 წლის „უზაფხულო წელიწადს“, რომელიც სწორედ მზის მინიმუმს დაემთხვა. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს იყო მცირე გამყინვარების პერიოდი, რომელიც XIV საუკუნეში დაიწყო და XIX საუკუნემდე გაგრძელდა.

მიიჩნევა, რომ გაჭიანურებულ მზის მინიმუმს „ახალი გამყინვარების პერიოდი“ შეუძლია გამოიწვიოს. მაგრამ როგორც NASA-ს სპეციალისტები აღნიშნავენ, დიდი რაოდენობით წიაღისეული საწვავის მოხმარებისა და სათბური გაზების გამოფრქვევის გამო მზის მინიმუმი ასი წელიც რომ გაგრძელდეს, გლობალური ტემპერატურა მაინც გაიზრდება და გამყინვარება არ გვემუქრება.