თუშეთისკენ მიმავალი გზა 5 ივნისს გაიხსნება

თუშეთის საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე ექვსი თვის განმავლობაში იკეტება
Sputnik

 

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და გზა 5 ივნისს გაიხსნება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დაიწყო, მაგრამ 5 მაისს ზვავის ჩამოწოლის გამო სამუშაოები დროებით შეჩერებული იყო. გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში ადგილობრივმა მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ აქციაც გამართა. 

წვიმა, სეტყვა და წყალდიდობა: საქართველოში ამინდი გაუარესდება

თუშეთის საავტომობილო გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე ექვსი თვის განმავლობაში იკეტება. ზამთრის პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენის საშუალებითაა შესაძლებელი. ვერტმფრენი ყოველკვირეულ რეისებს უკვე რამდენიმე წელია ასრულებს.

ახმეტის მერიის ცნობით, თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ, ზაფხულის პერიოდში სასაზღვრო დეპარტამენტის კუთვნილი ვერტმფრენი  თვეში მხოლოდ ერთ რეისს შეასრულებს. ის საქართველო-რუსეთის ომალოს სასაზღვრო სექტორზე მომსახურე მესაზღვრეებს გადაიყვანს.

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის სიგრძე 72 კილომეტრია.