მსოფლიო დღეს

დაიხურება თუ არა Facebook-ი, Google და Twitter-ი: ტრამპი სპეციალურ ბრძანებულებას ამზადებს

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი უკვე დღეს მოაწერს ხელს სპეციალურ ბრძანებულებას სოციალური ქსელების შესახებ.
Sputnik

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე დღეს გამოსცემს სპეციალურ ბრძანებულებას სოციალური ქსელების შესახებ, იუწყება მასმედია თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომელმაც აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა. 

პრეზიდენტი გაბრაზებულია: Twitter-მა ტრამპის პოსტი არასანდოდ მონიშნა

დოკუმენტის დეტალების თაობაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპი მკაცრი რეგულაციებითა და დახურვითაც კი დაემუქრა სოციალურ ქსელებს, რომლებიც, მისი თქმით, „ავიწროებენ კონსერვატორთა მოსაზრებებს“. 

აშშ-ის ლიდერის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ 26 მაისს Twitter-მა პირველად მონიშნა პრეზიდენტის ერთ-ერთი პოსტი საეჭვო, არასანდო ინფორმაციად. აღნიშნულ ტვიტში პრეზიდენტი წერდა, რომ კალიფორნიის გუბერნატორის მიერ შემოთავაზებული იდეა არჩევნებში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემის თაობაზე გაყალბებასა და ხმების მოპარვას შეუწყობს ხელს. 

გამოსწორდით, თორემ დაგხურავთ: დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელებს ემუქრება

მას შემდეგ, რაც Twitter-მა პრეზიდენტის პოსტებს სპეციალური ცისფერი ძახილის ნიშნები დაუსვა და იუზერებს მოუწოდა, გადაამოწმონ მეილით ხმის მიცემის შესახებ ფაქტები, აშშ-ის ლიდერმა სოციალურ ქსელს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასა და საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ რესპუბლიკელები „უფრო მკაცრად დაარეგულირებენ ან დახურავენ“ სოციალურ ქსელებს, თუ ისინი არ გამოსწორდებიან.  

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ტრამპის რეაქციას „ტვიტერთან“ კონფლიქტში არაპროპორციულად აფასებს და აცხადებს, რომ ჯერჯერობით ვერ გაერკვა, რა აქვს ჩაფიქრებული ადმინისტრაციას.

რაც შეეხება Twitter-ს, მისმა წარმომადგენლებმა უარი თქვეს კომენტარზე, ხოლო Google-ს ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.